ახალი ამბები

ფოტოგადაღება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის კაბინაში

30 ოქტომბერი, 2016 • 2216
ფოტოგადაღება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის კაბინაში

​ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საუნჯის“ ცნობით, ქალაქ ზუგდიდის 65-ე ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო.

„ეს პირდაპირ არის აკრძალული კანონით. ჩვენმა დამკვირვებელმა მოახდინა დროული რეაგირება, დაწერა საჩივარი, თუმცა მას არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება, რისთვისაც საოლქო კომისიასაც ვთხოვეთ დახმარება. საბოლოოდ, ამ პროცედურების გავლის შემდეგ, მოვახერხეთ საჩივრის დაფიქსირება“, – ამბობს ირინე ურუშაძე, „საუნჯის“ იურისტი.

მისი განმარტებით, კაბინაში ფოტო-ვიდეოგადაღება აკრძალულია ყველასთვის, მათ შორის ამომრჩევლისათვის, და სწორედ კომისიაა პასუხისმგებელი ამ ფაქტზე. „კომისიამ უნდა აგოს პასუხი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მან მისცა ნებართვა ფოტოს გადაღების“, – ამბობს ირინე ურუშაძე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

მე-20 უბანზე იმყოფებოდა „საუნჯის“ დამკვირვებელი ნაზი გოგილავა, რომელმაც მოისურვა საჩივრის დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ კაბინაში ამომრჩეველმა ფოტო გადაიღო, თუმცა, მისი თქმით, მას ამის საშუალება არ მისცეს:

„ამომრჩევლმა ითხოვა, შეიძლება თუ არა, ფოტო გადავუღო ბიულეტენსო, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა, – ბევრი ასეთი ფოტო „ფეისბუკზეც“ იტვირთებაო. [მათ ამომრჩეველს ამის საშუალება მისცეს] დამკვირვებლების მითითების მიუხედავად, რომ 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არ შეიძლებოდა ბიულეტენის გადაღება. საჩივარი დავწერე, მაგრამ რადგან რეაგირება ცოტა დაგვიანებული იყო, თავმჯდომარემ არ დამიდასტურა. ასევე, მათ მომცეს შენიშვნა, სანამ დავწერდი, მათთვის უნდა განმემარტა, რას ვწერდი. რაც მე გავაკეთე“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ დამკვირვებელმა ნაზი გოგილავამ.

საუბნო კომისიის წევრები კი უარყოფენ, რომ ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო, თუმცა ასევე ამბობენ: „თუ მოქალაქე თვითონ გადაუღებს სურათს კაბინაში, კომისიის რა ბრალია“. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, ფოტოგადაღების ფაქტს ისიც უარყოფს:

„საერთოდ არც ყოფილა გადაღება. ჩვენ საერთოდ არაფერი გვინახავს … ჩვენ [კომისიის წევრები] რაღაცას ვხუმრობდით ერთმანეთთან, შეგვიძლია თუ არა გადაღება და მეგონა, რომ [დამკვირვებელი] ამაზე ლაპარაკობდა, თორემ საერთოდ არარსებულ ფაქტზე დაწერა საჩივარი“, – ამბობს მე-20 საუბნო კომისიის თავმჯდომარე ლელა დავითაია. კითხვაზე, რატომ არ აძლევდნენ დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლებას, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გარკვევა უნდოდათ: „შევეკითხე, რა ფაქტზე წერდა, თორემ უარი არ მითქვამს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი