ახალი ამბები

პრემიერი: პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა რამდენიმე წლის მანძილზე არ მოხდება

29 ოქტომბერი, 2016 •
პრემიერი: პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა რამდენიმე წლის მანძილზე არ მოხდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, არ დადგება დღის წესრიგში პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი და ეს “მორატორიუმი” რამდენიმე წლის მანძილზე შენარჩუნდება:

“პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე, ალბათ, რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში, არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის.

ამიტომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, 5–10 წლის შემდეგ უკვე ვერავინ შეამჩნევს ქუთაისში, იქნება თუ არა იქ პარლამენტი:

“საერთოდ, ქუთაისზე მინდა ცალკე ვისაუბრო იმიტომ, რომ ქუთაისზე ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5–10 წლის მერე ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი, იმიტომ, რომ ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი უზარმაზარი საერთაშორისო კამპუსით, ანუ სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები. ქუთაისში ძალიან სერიოზული ბუმი იქნება განვითარების, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით. მე არაერთხელ მიხუმრია ჩემს მეგობრებთან, რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი, ქუთაისში ვიყიდდი აუცილებლად უძრავ ქონებას-მეთქი, იმიტომ, რომ მგონია, რომ ქუთაისის საქართველოს შიდა ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი