კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მოიპოვეს ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის კუთვნილი ჩიპი, რომელშიც ჩაწერილი სხვადასხვა ინფორმაცია და მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ პოლიცია უხეშად და უკანონოდ ერევა წინასაარჩევნო პროცესში.
კოალიციამ გაავრცელა პოლიციელის ჩიპზე ჩაწერილი ტექსტური მასალები, რომელიც შედგება რამდენიმე სიისგან. მაგალითად, წარმოდგენილია იმ ბიზმენსმენების სია, რომლებიც ლანხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ახორციელებდნენ და დღემდე აწარმოებენ ეკლესიების მშენებლობას. აღნიშნულ სიაში არიან კომპანია “ალბატროსის” მფლობელი ზაზა ჩხაიძე, ვაგონ-შემკეთებლი ქარხნის ერთ-ერთი თანამფლობელი ბადრი წილოსანი. სიაში არიან ადგილობრივი ინდ. მეწარმეებიც, რომლებსაც სავაჭრო ჯიხურები აქვთ სოფლის ტერიტორიაზე გახსნილი.
ცალკეა შედგენილი სოფელ აცანაში მცხოვრები საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების სია, ასევე, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მონაცემები.
მასალებში ასევე ვხვდებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთისა და აცანის ტერიტორიაზე იმ პირთა სიას, რომლებსაც გლობალ ტვ-ის სატელიტური ანტენები აქვთ საკუთარ სახლებში დამონტაჟებული, აგრეთვე, იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებული. სიაში მითითებული პირების გასწვრივ მითითებულია მათი პირადი ნომრები და მობილური ტელეფონის ნომრები.
“ამ მასალით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე აწარმოებს თვალთვალს და აგროვებს ინფორმაციას სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, მათ შორის ამ ადამიანების პერსონალური მონაცემების (პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები) თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანთა მონაცემები, რომელთაც უყენიათ სატელიტური თეფშები…
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი ურატაძე ამ „შრომატევად“ სამუშაოს ასრულებდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ თავისი ხელმძღვანელობის დავალებით,” – აცხადებენ კოალიციაში.
კოალიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ძალოვანი უწყება ეწევა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას და, ფაქტობრივად, ასრულებს პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას, რომელიც ემსახურება არა კანონის დაცვას, არამედ მმართველი პარტიის ინტერესებს.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტის ობიექტურად გამოძიებას ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები:
“რადგან საუბარია სწორედ მათ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ელექტრონული ჩიპის გადაცემის შემთხვევაში არ მოხდება მასზე არსებული ინფორმაციის განადგურება ან შეცვლა.”
კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” გამოდის ინიციატივით, უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის და დადებს აღნიშნულ საკითხზე თავის დასკვნას.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა.კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი – ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე – მედიაექსპერტი; კოტე კანდელაკი – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; უჩა ნანუაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე – საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი – საქართველოს მედიაკლუბი; დავით ლოსაბერიძე – ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია – სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.