ახალი ამბები

სუბარი: რთულ პოზიციაში ვიმყოფებით იმისთვის, რომ დეოკუპაცია მოვახდინოთ

28 ოქტომბერი, 2016 • 1764
სუბარი: რთულ პოზიციაში ვიმყოფებით იმისთვის, რომ დეოკუპაცია მოვახდინოთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკა არის მკაფიო და ნათელი, რაც გამოიხატება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებითა და უვიზო მიმოსვლის მოლოდინით.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, საქართველო დღეს გაცილებით რთულ პოზიციაში იმყოფება, დეოკუპაცია რომ მოახდინოს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.

“ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ნათელი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მივაღწიეთ ევროპასთან ასოცირებას და რამდენიმე დღეში ველოდებით უვიზო მიმოსვლას. ამას ხელს უშლიდა ნაციონალური მოძრაობა. თემა, რომელზეც დღეს ატეხეს ხმაური, რუსულ პოლიტიკასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ ერთი რამ: ის, რასაც მიაღწია საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში და რაც დასრულდა სააკაშვილის დროს შევარდნაძის მიერ დაწყებული რუსული ბაზების გაყვანით, სააკაშვილმა დაასრულა ისევ რუსეთის ბაზების შემოყვანით და “ბევრს ნუ ლაპარაკობენ, რა!”. შესაძლებელი იყო ამის თავიდან აცილება, ნორმალური პოლიტიკა რომ გაეტარებინათ, რაც არ გაატარეს. დღეს ჩვენ გაცილებით რთულ პოზიციაში ვიმყოფებით იმისთვის, რომ მოვახდინოთ დეოკუპაცია, ვიდრე ვიმყოფებოდით 2004 წლის ივლისი–აგვისტოს კონფლიქტამდე და 2008 წლის აგვისტოს ომამდე,” – ამბობს ლტოლვილთა მინისტრი.

ნატოს მინისტერიალს, რომელიც ბრიუსელში 26 ოქტომბერს გაიმართა, არ ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და შს მინისტრები, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. სოზარ სუბარის განმარტებით, ეს იყო ნატოს შიდა მინისტერიალი, სადაც საქართველოდან არც ერთი მინისტრი ყოფილა მიწვეული.

“ისევ და ისევ, ქვეყნის პოლიტიკა არის ერთი და ამ პოლიტიკის განხორციელება დაიწყო ქართული ოცნების პირობებში, როდესაც ჩვენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება დავდეთ და გადავდივართ შემდგომ ეტაპზებზე, რაც არის სულ უფრო და უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასრულდება ჩვენი წევრობით ნატოში და გაწევრიანებით ევროკავშირში. რაც შეეხება, რატომ არ ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის და შს მინისტრი ნატოს მინისტერიალს, რამდენადაც ვიცი, ეს იყო ნატოს შიდა მინისტერიალი და არ  იყვნენ მიწვეულები გარე პირები.”

“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის”, რომელიც 21 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება, ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს. როგორც ნეტგაზეთს განცხადებაზე ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, ტექსტი ეხება რუსეთის სტატუსის შესახებ ბოლო პერიოდში დაწყებულ დისკუსიას.

სოზარ სუბარი © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

სოზარ სუბარი © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი