ახალი ამბები

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ რუსეთის სტატუსის შესახებ არსებულ დისკუსიას ეხმაურება

28 ოქტომბერი, 2016 • 1486
„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ რუსეთის სტატუსის შესახებ არსებულ დისკუსიას ეხმაურება

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შედგება, ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს. როგორც ნეტგაზეთს განცხადებაზე ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერმა ეკა გიგაურმა განუცხადა, ტექსტი ეხება რუსეთის სტატუსის შესახებ ბოლო პერიოდში დაწყებულ დისკუსიას.

14595771_1285409004845329_948140441594862458_n

“რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება. ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლის ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას – შექმნის ილუზიას, რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, – შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

მცდელობები და მოწოდებები, შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებს ჟენევის ფორმატს და აქვს ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;
  • არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;
  • პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;
  • მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 22 ორგანიზაცია აწერს:

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – Transparency International Georgia
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო – Civil Development Agency
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – International Society for Fair Elections and Democracy
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო – Atlantic Council of Georgia
  6. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – Georgian Farmers Association
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  – Institute for Development of Freedom of Information
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – The Economic Policy Research Center
  9. მწვანე ალტერნატივა – Green Alternative
  10. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი – Georgian Center for Security and Development
  11. მედიის განვითარების ფონდი – Media Development Foundation
  12. საქართველოს გაეროს ასოციაცია – UN Association of Georgia
  13. საზოგადოება და ბანკები  – Society and Banks
  14. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – Georgian Foundation for Strategic and International Studies
  15. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – Georgian Democracy Initiative
  16. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი – Georgian Institute of Politics
  17. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი – Regional Centre for Strategic Studies
  18. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი – In Depth Reporting and Advocacy Center
  19. ხმა საქართველოდან – Voice from Georgia
  20. ლიბერალური აკადემია თბილისი – Liberal Academy Tbilisi
  21. კავშირი საფარი – Union Sapari

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინწინ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსი, რაც რეალობის სწორი ასახვაა, საქართველოს რუსეთთან პირდაპირ დიალოგში ხელს უშლის.

გადაცემის  “მთავარი” ჟურნალისტმა თამარ ჩიქოვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, შესაძლებლად მიაჩნია თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების გზით იმ მიზნის მიღწევა, რაც საქართველოს სჭირდება. ჩიქოვანმა ასევე გაიხსენა სტამბოლის ეუთოს გადაწყვეტილება რუსული ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, რომელიც რუსეთმა ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის წლებში შეასრულა.

“მოლაპარაკებით შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, ყოველთვის საჭიროა, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა. დაბლოკილი ვართ ამ კუთხითაც. ოკუპანტის სტატუსი, რაც [რუსეთს] მიენიჭა და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს, ჩვენ გვბლოკავს ყველა მხრივ. ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, ჩვენი უცხოელი მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და არიან თავისუფალი, რომ ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა. ეს შეგვიძლია მხოლოდ იმ ორმხრივ ფორმატში [აბაშიძე-კარასინის ფორმატი], ეს არის შეზღუდვა. ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით, და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. დიპლომატიური გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები. ამ გზაზე არ შეიძლება ოპოზიციონერები დადიოდნენ, როგორც რამდენიმემ ეს სცადა, თავისი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად. ეს დიპლომატიური გზა უნდა იყოს კარგად შიგნით შეთანხმებული, ამაზე კონსენსუსი უნდა იყოს ყველა პარტიების და არა ერთის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები. ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების მომზადება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში “მთავარი” სტუმრობისას.

სალომე ზურაბიშვილმა დამატებითი განმარტებების გაკეთება ამ თემაზე აღარ ისურვა და თქვა, რომ პასუხს კითხვაზე თუ რა სტატუსი აქვს რუსეთს საქართველოში, მისი ცხოვრების გზა სცემს.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი