ახალი ამბები

”ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები აჭარაში

24 ივლისი, 2012 •
”ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები აჭარაში

”ახალმა მემარჯვენეებმა” აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებზე წარსადგენი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელეს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატებიდან კი მხოლოდ ერთი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი, ეს არის ”ახალი მემარჯვენეების” ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით თავართქილაძე.

დავით თავართქილაძე შვიდი წელია, რაც პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წევრია, მანამდე კი იგი ”აღორძინების” წევრი იყო. პროფესიით კვების მრეწველობის ინჟინერია, ამჟამად უმუშევარი.

დანარჩენი ხუთი კანდიდატი კი აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე წარმოადგენენ ”ახალ მემარჯვენეებს”.
ჯუმბერ მიქელაძე წარდგენილია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად; ხათუნა კახაძე დასახელდა ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. იგი ექვსი წელია, რაც პარტიის წევრია და როგორც პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი პაატა მგელაძე ამბობს, ”გამოცდილი ფიგურაა საარჩევნო ტექნოლოგიებში”.

გელა გორგილაძე მოქმედი ექიმია და ქედაში იქნება კანდიდატი. იგი პროფესიით ბავშვთა ქირურგია. შვიდი თვეა, რაც ”ახალი მემარჯვენეების” პარტიის წევრი გახდა, მანამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

იოსებ დავითაძე დაასახელეს შუახევში. პაატა მგელაძის თქმით, იგი წლების წინ რუსეთში ცხოვრობდა, ”მცირე ბიზნესი ჰქონდა, თუმცა დღეს უმუშევარია”.

თემურ ქიძინიძე კი ”ახალი მემარჯვენეების” შედარებით ახალი სახე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ხელვაჩაურში. პროფესიით აგრონომია, რამდენიმე წლის წინ აჭარაშიც და თბილისშიც უშიშროების საფინანსო განყოფილებებში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია.

უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი