ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები და ნინო ბურჯანაძე II ტურის წინ საუბნო კომისიების საკუთარ წევრებს უკან იწვევენ

26 ოქტომბერი, 2016 • 1819
თავისუფალი დემოკრატები და ნინო ბურჯანაძე II ტურის წინ საუბნო კომისიების საკუთარ წევრებს უკან იწვევენ

ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ ყველა საუბნო საარევნო კომისიებიდან თავისი წევრების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. თავისუფალი დემოკრატები კი თავის წევრებს 385 უბნიდან იწვევენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვიწვიოთ კომისიის ჩვენი 400-ამდე წევრი გამომდინარე იმ შედგებიდან, რომელიც 8 ოქტომბერს მივიღეთ. ჩვენ უფრო მეტ უბანთან გვაქვს პრეტენზიები, მაგრამ ახლა მთავარი იყო, რომ განგვეხორციელებინა პრევენცია იმისათვის, რომ თავისუფალი დემოკრატების სახელით არავის ესარგებლა უბნებზე, არც ნაციონალური მოძრაობის და არც ოცნების სასარგებლოდ”, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თამარ კეკენაძემ, რომელმაც თავის დროზე რუსთავი 2-ის ეთერში ახსნა ის პრეტენზიები, რომლებიც მათ კომისიის საკუთარი წევრების მიმართ ჰქონდათ.

“თუნდაც ჩვენ მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხრიდან ხდებოდა ბიულეტენების გაბათილება… ხანდახან მათ ავიწყდებოდათ ბეჭდის დარტყმა, ეს ეხებოდა როგორც ჩვენს, ასევე სხვა წარმომადგენლების ბიულეტენებს. მე მაქვს ეჭვი, რომ ისინი ბეჭედს არ არტყამდნენ, ან იყვნენ გარიგებული. ეს იყო რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ 60 000-ზე მეტი ბიულეტენია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბათილებული. აქედან ჩვენ რომ 6000 ხმა მიგვეღო, ბარიერს გადავლახავდით. ეს იყო ფული, დაშინება და სხვადასხვა კეთილდღეობის შეთავაზებები ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა კეკენაძემ.

ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან და 3704 უბნიდან გამოიწვიეს ყველა კომისიის წევრი.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ მივიღოთ მონაწილოება იმ ფარსში, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ერთობლივი დადგმული მოქმედებები”, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ კითხვის ნიშნები ზოგიერთი მათი კომისიის წევრის მიმართ და მომავალში ამ საკითხის შესწავლას აპირებენ.

თითოეულ უბანზე საარჩევნო კომისიის 13 წევრი მუშაობს, რომელთაგან 6 უშუალოდ ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით დანიშნულია, ხოლო 7-ს პოლიტიკური პარტიები (“ქართული ოცნება”, ენმ, მრეწველები, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ბურჯანაძე-დემოკრატები) ნიშნავენ.

ცესკოს სპიკერმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოლო ვადა, რა დროშიც პარტიებს საკუთარი კომისიის წევრების გამოწვევა შეუძლიათ, დღეს, 18:00 საათზე იწურება. ამის შემდეგ მათ ექნებათ 2-დღიანი ვადა იმისათვის, რომ სურვილის შემთხვევაში ძველი წევრი ახლით ჩაანაცვლონ. თუ ამას არ გააკეთებენ, საოლქო კომისიები იმსჯელებენ, სჭირდებათ თუ არა მათ ამა თუ იმ უბანზე 13-წევრიანი შემადგენელობები და საჭიროების შემთხვევაში ახალ წევრებს თვითონ დანიშნავენ კონკურსის მიხედვით. იმისათვის, რომ უბანზე კომისიამ იმუშაოს, საჭიროა, ადგილზე მინიმუმ 7 წევრი იყოს.

მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება. ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა პარლამენტში შესასვლელად დაწესებული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ზემოხსენებული ორი პარტიიდან მეორე ტურში მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების ერთი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობს ჭიათურაში.  მეორე ტურში გავიდა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც, თუმცა მან პარლამენტზე უარი თქვა და პოლიტიკიდან წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი