ახალი ამბები

დაუსრულებელი და ავარიული შენობები თბილისში – რა ხედვა აქვთ კანდიდატებს?

28 სექტემბერი, 2021 • 1414
დაუსრულებელი და ავარიული შენობები თბილისში – რა ხედვა აქვთ კანდიდატებს?

როგორ წარმოუდგენიათ თბილისის მერობის კანდიდატებს დაუსრულებელი მშენებლობების და ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემების გადაწყვეტა?

ამ საკითხზე მერობის 5 კანდიდატის ხედვებს პლატფორმა www.partiebi.ge აქვეყნებს.

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“

თბილისის მოქმედი მერის, კახი კალაძის პროგრამის თანახმად, თბილისის მასშტაბით ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყება.

ეს პროგრამა კი გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთადროინდელი ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებასა და განახლებას.

„ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი“, – წერია პროგრამაში.

ჩანაცვლების პროგრამა, კალაძის გეგმით, თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდება და თითოეული პროექტი მხოლოდ ყველა მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება.

ასეთ შემთხვევაში, კალაძე მესაკუთრეებს ჰპირდება, რომ მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს მათ გადასცემს, ხოლო მშენებლობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლების ქირით გაყვანასაც იგივე უწყება დააფინანსებს.

„კონკურსის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს სტანდარტულ არქიტექტურას, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული უბნის ვიზუალსა და დიზაინზე. შედეგად, საბჭოთადროინდელი არქიტექტურა თანამედროვე ქართული არქიტექტურით შეიცვლება“, – წერია პროგრამაში.

კალაძე ასევე პირობას დებს, რომ ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, არსებული შენობების კონტური არ გაიზრდება, რათა ურბანული სივრცეები ზედმეტად არ აითვისონ, და არც სიმაღლეების არაგონივრული მატება დაიშვება, „რაც საშუალოდ 5-სართულიანი შენობების ნაცვლად, საშუალოდ 8-სართულიან შენობებს გულისხმობს“.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გეგმის თანახმად, მესაკუთრეებს გადაეცემათ ზუსტად იმ ფართობის საცხოვრებელი სივრცე, რასაც დღეს ფლობენ. თუმცა, ამავე გეგმით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თითოეული პროექტი ითვალისწინებს ავტოფარეხების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

  • „ჩანაცვლების შემდეგ, მესაკუთრეების მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულება დაახლოებით 60-70%-ით გაიზრდება.
  • პროგრამის ფარგლებში ყველა მოსახლე იმავე უბანში ახალ, კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში განაგრძობს ცხოვრებას.
  • ყველა ახალი შენობა ენერგოეფექტური იქნება, რაც მოსახლეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულ კომუნალურ გადასახადებს ნიშნავს“, – წერია პროგრამაში.

კახა კალაძის პროგრამის თანახმად, ჩანაცვლების პროექტებს ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ, ხოლო შერჩეული კერძო კომპანიები საზღაურის სახით მიიღებენ ნამატ ფართსა და სუბსიდიას მუნიციპალიტეტისგან, რომლის ოდენობაც ტენდერის მეშვეობით განისაზღვრება.

კალაძის პროგრამის ეს ნაწილი ეხება ავარიულ შენობებს, თუმცა დაუსრულებელ მშენებლობებზე არაფერია ნათქვამი.

ამ საკითხზე ქალაქის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. ეს ორგანიზაცია თბილისის მერიის გეგმას, უახლოეს მომავალში განახლდეს დაუმთავრებელი მშენებლობები, უწოდებს „მერიის არასამართლიანი, კერძო და არასაჯარო ინტერესით ნაკარნახევი პოლიტიკის გამოვლინებას“ [ვრცლად ამ საკითხზე].

ნიკა მელია – „ძალა ერთობაშია“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების სპეციალურად ამ არჩევნებისთვის შექმნილი გაერთიანების საერთო კანდიდატია.

მელიას მხარს უჭერენ „ევროპული საქართველო“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

მელია პროგრამაში მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით წერს:

„მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო სახსრებით გაგრძელდეს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაცია. თუმცა, ამავდროულად, საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტურად გამოყენებით უნდა შევქმნათ ამ პროცესში სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომელიც, კერძო ინვესტორებთან ერთად, ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემას გადაჭრის“.

მელიას მიდგომა რამდენიმე პუნქტს მოიცავს, პირველი პუნქტი კი ეხება რკინიგზის გადატანას:

„რკინიგზა უნდა გადავიდეს არსებული ტერიტორიიდან. შედეგად, საცხოვრებელი გარემო გახდება უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი, უძრავი ქონება – ინვესტორთათვის მიმზიდველი. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების სამშენებლო განვითარება. შესაბამისად, ავარიული სახლების პრობლემაც მოგვარდება“.

თბილისში რკინიგზის გადატანის საკითხი მრავალი წელია განიხილება როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში.

შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო, თუმცა 2013 წლის სექტემბერში, როცა ბიუჯეტის 60%, დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარი დახარჯული იყო, პროექტი შეჩერდა. ამის მიზეზად მისი გაუმართაობა დასახელდა – კვლევის თანახმად, პროექტი გამტარუნარიანობას ამცირებდა და ხარჯებს ზრდიდა.

სპეციალისტები ამჟამად მიუთითებენ, რომ რკინიგზის სამგზავრო ხაზის გადატანა გაუმართლებელი და რეგრესული სვლა იქნება. თუმცა, ამასთან, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა 2016 წლის კვლევაში, რკინიგზის სატვირთო ხაზით ქალაქის ცენტრში ყოველდღიურად ფეთქებადსაშიში ტვირთის გადაადგილდება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.

კახი კალაძის მერობის პერიოდში, 2019 წელს მიღებულ თბილისის გენერალურ გეგმაში რეკომენდაციის სახით ჩაიწერა, რომ სასურველი იქნება, თუ რკინიგზის სატვირთო ნაწილი ქალაქიდან გავა.

რკინიგზის საკითხის მიღმა, მელიას პროგრამაში წერია, რომ დედაქალაქში, ავარიულ ნაგებობათა ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, ხელისუფლებას შეუძლია, მენაშენეების დახმარებისა და წახალისებისთვის შექმნას და აამოქმედოს მიზნობრივი პროგრამები, როგორიც იყო „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.

ეს პროგრამა გიგი უგულავას მერობის პერიოდში მოქმედებდა და მისი მიზანი იყო დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულება მშენებელი ინვესტორებისთვის ბინების გარანტირებული შესყიდვის უზრუნველყოფით. მელიას თანახმად, მსგავსი პროგრამით „მოგვარდება ავარიულ სახლებში მცხოვრებთა საბინაო პრობლემები“.

ნიკა მელია მოსახლეობას სთავაზობს ავარიულ უბნებში მერიის მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმების შექმნას:

„მათი სათითაოდ განხილვა შესაძლებელია, როგორც ავარიული სახლების ადგილას ახალი მშენებლობისათვის საინტერესო საინვესტიციო პროექტისა. მეტიც, თითოეული ასეთი პროექტის დამუშავებისას მერიამ უნდა დაადგინოს კონკრეტული განაშენიანების მოცულობა და განსაზღვროს ყველა ის პარამეტრი, რომელიც, ერთი მხრივ, მიმზიდველს გახდის ამ პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს ქალაქის ურბანულ ინტერესს“, – წერია პროგრამაში.

ამასთან, მელიას გეგმით, საბიუჯეტო სახსრებით უნდა გაგრძელდეს მწვავედ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

„ქალაქის იმ უბნებში, სადაც ძირითადად ინდივიდუალური, უმეტესად – ავარიული სახლებია და რთულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის, კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებით შესაძლებელია როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე სახლების რეკონსტრუქცია, ასევე, ახალი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა – მხოლოდ მერიის წერილობითი დასტურით“, – წერია პროგრამაში.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის

გიორგი გახარიას პროგრამის თანახმად, პარტიის მიზანია:

  1. ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტების დასრულება, კერძო სექტორის ჩართულობითა და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და ბენეფიციართა შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით;
  2. 170-მდე ნგრევადი საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია-განსახლება, იქ მცხოვრებ პირთათვის სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაცული საცხოვრებელი პირობების შექმნა;
  3. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფა.

გიორგი გახარიას პროგრამა დაუსრულებელი მშენებლობების და ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემების ნაწილში ამით შემოიფარგლება.

ანა ბიბილაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“

„ლელოს“ კანდიდატის პროგრამის თანახმად, „მნიშვნელოვანია თბილისის სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის გაჯანსაღება და აღნიშნული დოკუმენტის რეალობად გადაქცევა, როგორც ქალაქის განვითარების მთავარი გზამკვლევის და კონსტიტუციის“.

ბიბილაშვილის ხედვით, საჭიროა „სამშენებლო რეგულაციების მოქნილი და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული რეფორმირება“, რის შედეგადაც „მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ინტერესების დამცველი გახდება“.

პარტიის ხედვით, მშენებლობა-სანებართვო დოკუმენტაციის გადამოწმების პრეროგატივა მერიიდან გავა და დამოუკიდებელი სააგენტოს სახით გააგრძელებს მუშაობას.

„ქალაქის მაღალი კულტურული ფასეულობის ზონებში და ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის წინა პერიოდში მოხდება მცხოვრებელთა ინტერესების გათვალისწინება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი შემუშავდება“, – წერია პროგრამაში.

ბიბილაშვილის თანახმად, თბილისში მიტოვებულ ნაგებობებსა და ინდუსტრიული დანიშნულების გამოუყენებელ შენობებს „მიენიჭება მეორე სიცოცხლე – ეს შენობები საზოგადოებრივი და კულტურული დანიშნულების სივრცეებად გარდაიქმნება“.

ამასთან, „ლელოს“ პროგრამით, მაღალსართულიანი და მასიური მშენებლობები მთლიანად გადაინაცვლებს ქალაქის ახალ ცენტრებში და ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი პროცესები აიკრძალება.

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა

„მესამე ძალის“ (იგივე „სტრატეგია აღმაშენებელი“) მერობის კანდიდატს, თამარ კეკენაძეს პროგრამაში არ აქვს დაკონკრეტებული ღონისძიებები, რაც პარტიას წარმოუდგენია დაუსრულებელი მშენებლობების, ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემების რეგულირებისთვის.

თამარ კეკენაძე. ფოტო: „მესამე ძალა“.

მის პროგრამაში მხოლოდ ის წერია, რომ შემუშავდება მშენებლობის სტიმულირების გეგმა, რომელიც სპეციალურ კვლევებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს „როგორც დაუსრულებელი მშენებლობების ბოლომდე მისაყვანად და მენაშენეების დასაკმაყოფილებლად, ასევე, ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის“.


ამ სტატიაში კანდიდატების პოზიციები ეყრდნობა პლატფორმა partiebi.ge-ს მონაცემებს.

4-მა კანდიდატმა (მელია, ბიბილაშვილმა, გახარიამ და კეკენაძემ) აღნიშნულ პლატფორმას უშუალოდ გააცნო საკუთარი ხედვები, თუმცა, არა კახა კალაძემ. შესაბამისად, კალაძის მოსაზრებები ორგანიზაციამ კალაძის საჯარო გამოსვლებიდან მოიძია.

www.partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს პარტიების თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი