ახალი ამბები

გოგუაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი [ყოფილი] თანაპარტიელი საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა

25 ოქტომბერი, 2016 • 1849
გოგუაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი [ყოფილი] თანაპარტიელი საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა

“ჩვენ ვართ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია და ამიტომ საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტია თავისუფალი დემოკრატების გზები”, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე მისი ყოფილი თანაპარტიელების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს:

“გუშინ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ იგი მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის და ხელისუფლებაში დასაქმებისთვის. ჩვენთვის, თავსიუფალი დემოკრატებისთვის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ პრინციპულ ოპოზიციაში წავედით ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო (ამ ხელისუფლებამ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა), რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ არჩევნების შემდეგ კიდევ ვიხილავთ ამას…”, – განაცხადა გოგუაძემ.

ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ, 24 ოქტომბერს, პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრის გია ვოლკის, ვიქტორ დოლიძის, გია ცაგარეიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის ვიდეოკადრები და კომენტარები გაავრცელა, სადაც გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

“ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მე არ ვითანამშრომლებ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით. ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ… დრო გვიჩვენებს, დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია”,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

“გუშინ გავიგე, რომ ერთ-ერთი მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს ოპოზიციაში ყოფნას და იგი ამბობს, რომ ის სახელმწიფოს უნდა ემსახუროს. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და მას ოპოზიციაში ყოფნა ჰგონია ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”, – ამბობს ნინო გოგუაძე.

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები და ამჟამდ პარლამენტის დეპუტატები: დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე და გია ცაგარეიშვილი პოლიტიკური თანამდებობების დაკავებს გამორიცხავენ. აღნიშნულის შესახებ მათ დღეს, 25 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრებმა საკონსტიტუციო უმრვლესობის შესახებაც ისაუბრეს, რომლის მოპოვების შანსიც მმართველ გუნდს დღევანდელი მონაცემებით აქვთ. ონოფრიშვილმა თავის მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ხოლო ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა ბოროტად არ გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით.

“პარტია თავსიუფალი დემოკრატები მოსახლეობას ვაფრთხილებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე, მაგრამ არანაირ მოწოდებას არ ვაკეთებთ არც ერთი პარტიის მხარდასაჭერად, გარდა თავისუფალი დემოკრატების იმ მაჟორიტარობის კანდიდატისა, რომელიც გასულია მეორე ტურში და ჭიათურაში იბრძვის ერთი მანდატისთვის”, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ ყოფილი წევრების განცხადების კომენტირებისას.

“თავისუფალი დემოკრატები” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ქართული ოცნების” კოალიციასთან ერთად შევიდნენ. ახალ ხელისუფლებაში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. “კაბელების საქმის” გამო დაწყებული დაპირისპირების შედეგად თანამდებობიდან გადააყენა, საბოლოოდ კი, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა’ 4.62 % მიიღეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკოსი არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურიმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი