ახალი ამბები

ივანიშვილი: მურმანს [დუმბაძეს] ვაჟკაცურად მოუხდია ბოდიში

17 ივლისი, 2012 •
ივანიშვილი: მურმანს [დუმბაძეს] ვაჟკაცურად მოუხდია ბოდიში

“მურმანს გამონათქვამებში შეშლია, ამისთვის შენიშვნა მეც მიმიცია და ვაჟკაცურად მოუხდია ბოდიში”.

ამ თემას მურმან დუმბაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ   მან მოიხადა ბოდიში ქართული ოცნების პრესსამსახურის საშუალებით გია მასალკინთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. მისი თქმით, ეს იყო ნაჩქარევად გაკეთებული გამონათქვამი.

მურმან დუმბაძემ ქსენოფობური განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრის გიორგი მასალკინის მიმართ 2012 წლის 31 მარტს,  “ობიექტივის” ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.  

ინტერვიუ   ბათუმის “25-ე არხის” სტუდიაში შედგა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას შეეხებოდა. დუმბაძემ  “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მასალკინი, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს ამ აქციას გაემიჯნა, შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “გიორგი მასალკინი არ არის  გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის?  … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირდარსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.

ამ საკითხთან დაკავშირებით  ბიძინა ივანიშვილმა 3 აპრილს “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ის გაარკვევს და შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრის, მურმან დუმბაძის ქსენოფობურ გამონათქვამს რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ  მურმან დუმბაძემ  პრესსამსახურის მეშვეობით მოუბოდიშა მასალკინს.

მურმან დუმბაძე  იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და დაახლოებით ერთი წლის წინ რესპუბლიკური პარტიიდან ქსენოფიბური განცხადებების გამო გარიცხეს.  “გენებზე” გაკაეთებული განცხადების გარდა, საზოგადოების ყურადრების ცენტრში ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შესაძლო მშენებლობის გამო მოექცა.  ამ თემასთან დაკავშირებით დუმბაძე  საპროტესტო აქციების ორგანიზატორია.

ამ დროსითვის რესპუბლიკურ პარტიას და გიორგი მასალკინს მურმან დუმბაძის მაჟორიტარობის კანდიდატობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მურმან დუმბაძე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
მურმან დუმბაძე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი