ახალი ამბები

შიში კარალეთში

16 ივლისი, 2012 •
შიში კარალეთში

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ორი რამის ეშინიათ – მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ანტისახელისუფლებო პოზიცია წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს, მეორე ნაწილს კი, „ქართული ოცნების“ ღია მხარდაჭერის გამო ეშინია. 

 

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით ბიძინა ივანიშვილის ანტისარეკლამო კამპანიის დაწყების შემდეგ, კარალეთის დევნილთა ნაწილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდობლობა და აგრესია გაუჩნდა.

დასახლებაში, სადაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო საზოგადოებრივი არხი, რუსთავი 2, იმედი და „საქართველოა,“ ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის აგენტია.“

ივანიშვილის მოწინააღმდეგები

12 ივლისს კარალეთში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეორგოლში ჩანს, რომ სოფლის ერთ–ერთი მკვიდრი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ჯოხით გამოეკიდა და სიტყვიერ შეუარაცხყოფას აყენებდა.

ნეტგაზეთთან საუბარში 78 წლის ალექსანდრე ცოტნიაშვილი თავის საქციელს ნანობს და განმარტავს.

„ზედმეტი მომივიდა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა. ბაღიდან ვბრუნდებოდი, დავინახე, ხალხი მოდიოდა და მთელი ხმით ყვიროდა, გაუმარჯოს ბიძინა, გაუამარჯოს ბიძინას, მივედი, რა გაყვირებთ, 90 წლების დაბრუნება გინდათ-მეთქი? მერე კითხვა შემომიბრuნეს, სარწყავი წყალი გაქვსო? არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ერთდროულად ვერ იქნება-მეთქი, დრო უნდა. 55 წელი ვიწვალე ერედვში სახლის აშენებაზე, რომელიც მერე რუსებმა დამიწვეს,“–ამბობს ის.

ალექსანდრე ცოტნიაშვილი და მისი ცოლი 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ერედვში ცხოვრობდნენ. 78 წლის ალექსანდრე ომის დღეებს ცრემილით იხსენებს და ამბობს, რომ თუ ივანიშვილმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ომი ისევ იქნება.

„თუ ივანიშვილმა არ გაიმარჯვა, ამას არ შეეგუება და დაპირისპირება მოხდება. რუსებს მეტი კი რა უნდა, შემოიყვანს ჯარს. მერე სად წავიდეთ. მე ჩემი ცხოვრება მივლიე, მაგრამ ხალხს რა ეშეველება. ძალიან მეშინია, ძალიან. შეიძლება ვცდები, მაგრამ ოღონდ რუსეთთან არ გვქოდეს კავშირი და მირჩევნია მოვკვდე. ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ მაგათ ხელში ჩავცვივდეთ,“ –ამბობს ალექსანდრე.  

ის და მისი ცოლი ქართული ტელეარხებით გასულ სიუჟეტებზე საუბრობენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსულ ორიენტაციაზეა საუბარი.

“რუს ხალხს პუტინი მოწონსო და მე მასთან უნდა დავჯდე მაგიდასთანო. აი, ეხლა თქვა ტელევიზიით. ისიც თქვა, სააკაშვილმა დაიწყო ომიო, როგორ, სააკაშვილი შეიჭრა მათ ტერიტორიაზე, თუ -პირიქით?”- კითხულობენ ისინი.

 

12 ივლისს, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არ იცის მომხდარის შესახებ დეტალები, თუმცა ივანიშვლისა და რუსეთის ფაქტორზე პენსიონერი მაყვალა გიოშვილი მაინც საუბრობს.

„ტელევიზიით მოისმინეს, რომ ივანიშვილი რუსეთის მოკავშირეა და პუტინის აგენტი. იმასაც ამბობენ, რუსეთთან შეერთება და საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდაო. მართალია?“– ამბობს პენსიონერი.

 


ივანიშვილის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე მოსახლეობა სოფელში მხოლოდ პირად საუბრებში და მას შემდეგ საუბრობს, რაც მოსაუბრის ნდობაში დარწმუნდება.

კითხვაზე, რა მოხდა რეალურად 12 ივლისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში, პასუხის გაცემას დიდი ნაწილი თავს არიდებს, პასუხები კი დაახლოებით ასეთია: „არ ვიცი, გუშინ მაგ დროს სოფელში არ ვიყავი“, ან  „არაფერი გამიგია.“

12 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე კაცი საუბრობს.

„როცა „ოცნების“ კოლონა გამოჩნდა, ჩვენც გავედით, სოფლიდან ბევრნი არ ვყოფილვართ. ბევრმა თავი შეიკავა, ეშინია ხალხს. ჩვენმა გამგეობის წევრებმა კოლონა არ გამოატარეს, წინ დაუხვდნენ. საკუთარი თვალით ვნახე, გამგეობის ერთ–ერთმა წევრმა, გოგიტა გოჩაშვილმა როგორ აიღო ქვა და პირველმა ისროლა. მერე უკვე ბავშვებიც ისროდნენ. რა უნდა ასწავლონ მაგათ ბავშვებს, სირცხვილია,“– ამბობს დევნილი ქალბატონი, რომელიც ითხოვს, არ გადავუღოთ და მისი სახელი არ დავასახელოთ.

„მე კი არაფერი მაქვს დასაკარგი, მაგრამ არ მინდა ჩემი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს რამე დაუშაონ,“– ამბობს ის.
განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის სხვა დევნილი ქალბატონი, რომელიც სოფლის გამგეობის შენობიდან ჩვენთვის კომენტარის მოსაცემად გამოიყვანეს.

„აი, ჩაწერეთ ეს ქალი,“–  ამბობს გამგეობის შენობიდან გამოსული მამაკაცი.

ქალი ჰყვება, როგორ მოხვდა სხვისთვის გამიზნული მუშტი სახეში და ამატებს, რომ ივანიშვილის მხარდამჭერები დასახლებაში შემოსვლისთანავე მოსახლეობის ცემაზე უმიზეზოდ გადავიდნენ.

 

დასახლებაშივე ცხოვრობს გოგოტა გოჩაშვილი, სოფლის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც 12 ივლისს ძმასთან ერთად ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა.

გოჩაშვილი უარყოფს ყველა ბრალდებას.

„მე და ჩემი ძმა რომ არ ვფილიყავით იქ, დახოცავდნენ ერთმანეთს, ჩვენ მხოლოდ ვაშველებდით. რაც შეეხება კახა კალაძესთან შელაპარაკებას, ის ჩემთან თავად მოვიდა, გავიდეთ, დავილაპარაკოთო. რა მაქვს მე მაგასთან სალაპარაკო,“– ამბობს გოჩაშვილი.

კითხვას, რა თანამდებობაზე მუშაობს ის სოფლის გამგეობაში, არ პასუხობს – „მაგას ნუ მეკითხები.“

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს გორის რაიონის კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ფიზიკურ დაპირისპირებას ქვების სროლაც მოჰყვა.

 

ინციდენტიდან ორ დღეში, 14 ივლისს შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული და დაკავებული არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.

 

„ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა,“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი