ახალი ამბები | ,

ფუნიკულიორის მომსახურებაზე ინფორმაცია ზურაბიშვილმა არც ფინანსურ დეკლარაციაში შეიტანა

21 ოქტომბერი, 2016 | | 1398
ფუნიკულიორის მომსახურებაზე ინფორმაცია ზურაბიშვილმა არც ფინანსურ დეკლარაციაში შეიტანა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო 3 კვირის, 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ამ პერიოდში მას 24 569 ლარი შესწირეს. შემომწირველებიდან ყველაზე მეტი, 8000 ლარი, სალომე ზურაბიშვილის პარტიის “საქართველოს გზა” წევრმა, თურქეთში საქართველოს ყოფილმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შესწირა და თავად სალომე ზურაბიშვილმა – 7769 ლარი.

ზურაბიშვილის დოკუმენტებში არ აუსახავს ინფორმაცია ფუნიკულიორის საბაგიროს გზების მომსახურების შესახებ – არც შემომწირველებსა და არც გაწეულ ხარჯში. მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა 6 ოქტომბერს მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი საღამო გამართა და მთაწმინდაზე ასასვლელად მგზავრები საბაგიროს უფასოდ გადაჰყავდა. აუდიტის სამსახური დაინტერესდა ამ ფაქტით და დაიწყო მისი შესწავლა, იყო თუ არა ეს საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მცდელობა, თუმცა, როგორც აუდიტში გვითხრეს, ზურაბიშვილს სამსახურისათვის ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია. მას ამისათვის 30-დღიანი ვადა აქვს და ამიტომ მოკვლევა არ დასრულებულა.

დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილმა სამი კვირის განმავლობაში 32 507 ლარი დახარჯა, რაც სრულად მომსახურების ხარჯებია. ამ პერიოდის განმავლობაში, დოკუმენტების თანახმად, 0 ლარი დაიხარჯა ხელფასებზე და ყველაზე მეტი, 16 744 ლარი, სარეკლამო მომსახურებისთვის: წარწერები სამარშუტო ტაქსებზე – 3 5000 ლ, ბრენდირებული რეკლამა (პოსტერები, სტიკერები) – 5 288 ლ, გარე რეკლამა/რეკლამა გაჩერებებზე – 6 758 ლ. და რეკლამა რადიო “იმედში” – 1 197 ლ. ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატმა 4 000 ლ. გადაიხადა კავშირგაბმულობის ხარჯებში – კერძოდ 09-ის მომსახურებაში. სალომე ზურაბიშვილს პერიოდის დასაწყისში საბანკო ანგარიშზე 21 878 ლარი ჰქონდა, 8 ოქტომბერს კი- 14 961.

სალომე ზურაბიშვილი არჩვენების მეორე ტურში იღებს მონაწილეობას. პირველ ტურში მან ხმების 44,42% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი