ახალი ამბები

ბრიტანეთმა მის აკვატორიაში მოძრავი რუსული ფლოტის სამეთვალყურეოდ სამხედრო ძალები გაგზავნა

20 ოქტომბერი, 2016 • 2024
ბრიტანეთმა მის აკვატორიაში მოძრავი რუსული ფლოტის სამეთვალყურეოდ სამხედრო ძალები გაგზავნა

The Guardian წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გაგზავნა სამხედრო ხომალდები, რათა მისი საზღვაო აკვატორიის მიმართულებით მოძრავი რუსული სამხედრო ფლოტილიის გადაადგილებას თვალყური ადევნოს.

The Guardian-ის ცნობით, დაუდგენელია, თუ რომელი მარშრუტით გაივლიან რუსული გემები ბრიტანეთის წყლებს,: ჩრდილოეთის ზღვისა და შემდეგ ინგლისის სრუტით, თუ ირლანდიის დასავლეთ სანაპიროებს შემოუვლიან.

“როცა ეს ხომალდები ჩვენს წყლებს მოუახლოვდებიან, არ მოვცილდებით და შევამოწმებთ მათ ყოველ ნაბიჯს, რათა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, რომ დავიცვათ ბრიტანეთის უსაფრთხოება”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

სამეფო საზღვაო ძალების გამანადგურებელი HMS Duncan პორტსმუთიდან 18 ოქტომბერს გავიდა, რათა შეუერთდეს HMS Richmond-ს და HMS Dragon-ს და მათთან ერთად გაუწიოს მეთვალყურეობა რუსეთის გემებს.

18 ოქტომბერს BBC  წერდა, რომ რუსული სამხედრო ფლოტილია- რომელშიც შედის ავიამზიდი “გენერალი კუზნეცოვი”, რომელსაც 50 თვითმფრინავის გადატანა შეუძლია- და 7 სამხედრო ხომალდი, ნორვეგიის ზღვის გავლის შემდეგ, ბრიტანეთის წყლებს მიუახლოვდა.

ფლოტილია, რომელმაც რუსეთის პორტ სევერომორსკიდან აიღო გეზი, ინგლისის და გიბრალტარის სრუტეების გავლის შემდეგ სირიაში რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდება.

“ნეზავისიმაია გაზეტაზე” დაყრდნობით, BBC იუწყება, რომ 2014 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი შემადგენლობის რუსულ სამხედრო ფლოტს ჩრდილოეთ ევროპის წყლებში არ გაუვლია.

რუსული სამხედრო ხომალდები ნორვეგიის ზღვაში (C) Norwegian Royal Airforce handout\EPA

რუსული სამხედრო ხომალდები ნორვეგიის ზღვაში (C) Norwegian Royal Airforce handout\EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი