ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი ტრანსგენდერი ქალის დაჭრის გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს

19 ოქტომბერი, 2016 • 1537
საინიციატივო ჯგუფი ტრანსგენდერი ქალის დაჭრის გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის დასაცავად შეკრებილი საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ მათ აქვთ ვიდეომასალა, სადაც, მათი თქმით, ჩანს, რომ დაზარალებულმა მის დაჭრამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და უთხრა, რომ მას ემუქრებოდნენ, თუმცა პოლიციელებს სათანადო რეგირება არ მოუხდენიათ.

ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს გამოძიებამ 19 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით. თუმცა უფლებადამცველები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.

გიორგი ტატიშვილი, რომელიც “ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრს” ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ვიდეომასალას 19 ოქტომბერს მიიტანენ პროკურატურაში და მოითხოვენ, დადგეს იმ პატრულ-ინსპექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს დაზარალებულის ნათქვამს, რომ მას ბრალდებული ემუქრებოდა.

“პროკურატურას ვაძლევთ მაქსიმუმ ერთკვირიან ვადას იმისთვის, რომ მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება პატრულ-ინსპექტორების მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე”, – უთხრა გიორგი ტატიშვილმა “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, პოლიციელებს პროკურატურისათვის ინფორმაცია არ გადაუციათ და მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაუწყიათ. ასევე, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, გამოძიება გაგრძელდეს არა, უბრალოდ, განზრახ მკვლელობის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე) მუხლით, არამედ — განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ მდგომარეობაში (109-ე მუხლი).

“წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ როგორც საელჩოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს და დავიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან”, – ამბობს გიორგი ტატიშვილი.

გიორგი ტატიშვილმა 19 ოქტომბერს ტრანსგენდერ ქალებთან ერთად გამართა პრესკონფერენცია, სადაც საქართველოში შექმნილ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გარემოზეც ისაუბრეს:

“დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემოდან გამომდინარე, არც ერთი ტრანსგენდერი ადამიანი საქართველოში არ იმყოფება უსაფრთხოდ. შესაბამისად, შსს-ს და სახელმწიფოს ძალიან მკვეთრად და კატეგორიულად ვთხოვთ და მოვითხოვთ, რომ მოახდინონ სათანადო დაცვითი და ოპერატიული ღონისძიებების გატარება ყველა ტრანსგენდერი პირის უსაფრთხოების მიზნით”, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

რაც შეეხება 14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალს — მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ის დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიც” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

პრესკონფერენცია "პრაიმტაიმის" პრესკლუბში 14 ოქტომბერს დაჭრილი ქალის საქმის შესახებ. 19.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პრესკონფერენცია “პრაიმტაიმის” პრესკლუბში 14 ოქტომბერს დაჭრილი ქალის საქმის შესახებ. 19.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი