მიშველაძე: უშიშროების საბჭოს მდივნის არც ერთი დასახელებული კანდიდატურა არ განხილულა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი საჭირო დროს თავად გააკეთებს განცხადებას, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანს შეარჩევს.

“არც ერთი დასახელებული კანდიდატურებისგან არ ყოფილა განხილული. ვინ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი და როდის დასახელდება, ამას იტყვის თავად პრეზიდენტი”, – განაცხადა 18 ოქტომბერს ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დასახელებული კანდიდატურების შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ მოულოდნელად დატოვა საკუთარი პარტია “თავისუფალი დემოკრატები”, სხვადასხვა მედიასაშუალება უშიშროების საბჭოს მდივნად მისი დანიშვნის შესაძლებლობაზე მიანიშნებს. ამ საკითხზე საუბრობდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც – მან თქვა, რომ ირაკლი ალასანიას ბევრი აქვს უშიშროების სფეროში ნამუშევარი, თუმცა არ იცის, თუ ვის დაასახელებს პრეზიდენტი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას – ჯერჯერობით არც მას და არც პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია.

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2013 წლიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით იკავებდა ირინე იმერლიშვილი, რომელიც მანამდე ეროვნული უშიშროების საკითხებში იყო პრეზიდენტის თანაშემწე. მას შემდეგ, რაც იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლედ წარადგინა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას იმერლიშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი ასრულებს.  

ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება და მას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com