ახალი ამბები

ვის დაუჭერენ მხარს არჩევნების II ტურში? – სამოქალაქო აქტივისტების წერილი და ადრესატების პასუხი

18 ოქტომბერი, 2016 • 1632
ვის დაუჭერენ მხარს არჩევნების II ტურში? – სამოქალაქო აქტივისტების წერილი და ადრესატების პასუხი

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომლის ადრესატები არიან მათ მიერ შერჩეული პროდასავლური პარტიები (რესპუბლიკურ პარტია,   თავისუფალ დემოკრატები, გირჩი,  სახელმწიფო ხალხისთვის,  ახალ მემარჯვენეები,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,  ახალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია) და პრეზიდენტი. განცხადების ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ. 

 

“საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი.  ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს.

მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს, მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ,” – წერია განცხადებაში.

განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერის, თათა ცოფურაშვილის თქმით, პოლიტიკურ პროცესში აქტორები პარტიები არიან და სწორედ ამიტომ მიმართეს პარტიებს და არა ამომრჩეველს:

“პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლები პოლიტიკური პარტიები არიან. დასავლეთში არსებობს გამოცდილება, რომ პირველ ტურში დამარცხებული პარტიები თავის ამომრჩეველს აკვალიანებენ, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი საარჩევნო ხმა“.

მისივე აზრით, არსებობს დიდი რისკი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტია უფლებამოსილებას გადააჭარბებს:

“2012 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების არჩევნებით გადაბარების პირველი პრეცედენტი შეიქმნა, ჩვენ დემოკრატიის ინდექსით საკმაოდ დავწინაურდით. ეს მონაპოვარი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გზით  ერთი პარტია მართავდა ქვეყანას.

შესაძლოა, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდონ, ვეტოს უფლება ჩამაორთვან. შეიძლება, კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსზე გაკეთდეს ჩანაწერი და ითქვას, რომ არც ერთ ბლოკში არ ვწევრიანდებით. ეს თემები ჯერ ზედაპირზე არ დევს, მაგრამ დღის წესრიგში დადგომის რისკი არსებობს. “

იმავე აზრზეა განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, თამარ გურჩიანი. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ხელისუფლების შტოებს შორის არსებული ძალაუფლების ბალანსი დაარღვიოს.

თამარ გურჩიანის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ “ქართული ოცნება” კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს გააკეთებს, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

“თუმცა, ქორწინების საკითხის დღის წესრიგში შემოტანის შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობას” არასოდეს განუცხადებია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებების შეზღუდვაა.

არც ის უთქვამთ, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს ნომერი პირველი საკითხი არ არის. თორემ გარანტია არაფრის არსებობს, “პოლიტიკოსი” და “გარანტია” უცნაური იქნება ერთად განვიხილოთ,” – აცხადებს გურჩიანი.

თამარ გურჩიანი აღნიშნავს, რომ ხალხს გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, მაგრამ ამომრჩეველი პასიურია და სწორედ ამიტომ გაავრცელეს ეს განცხადება.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული კამპანია  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი:

“ეს იაფფასიანი კამპანიაა, რომელიც არსებითად „რუსთავი2“-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.   ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერმინისტრის კომპეტენციები 2013 წელს.”

საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, ხალხის გადასაწყვეტია, ხმას ვის მისცემენ:

“მთელი არჩევნების განმავლობაში პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურობისაკენ. რაც შეეხება კონკრეტულ არჩევნებს – პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის მომავალს”, – აცხადებს ეკა მიშველაძე.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ხმების 48,67 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,11%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 5,01%.

შესაბამისად, პროპორციული წესით მმართველი პარტია 44 მანდატს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27 მანდატს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ – 6 მანდატს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 77-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 67 მანდატი აქვს.  მეორე ტური 50 ოლქში უნდა გაიმართოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად “ქართულ ოცნებას” სჭირდება მინიმუმ 45 ოლქში გამარჯვება, აქედან ერთ ოლქში (#1 მთაწმინდის) “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი არ ჰყავს, ვინაიდან მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, შესაბამისად, პოტენციურად შეიძლება მოიაზრებოდეს “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაწილად.

ერთ ოლქში უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურს გამოეთიშა ირაკლი ალასანია (გორის ოლქი) და, შესაბამისად, პარლამენტის მანდატს სავარუდოდ მიიღებს ისევ ქართული ოცნების კანდიდატი. რჩება ოთხი ოლქი, სადაც ორ  შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ ( ცეზარ ჩოჩელი, მცხეთის ოლქში, აკაკი ჩხაიძე ჩოხატაური-ლანჩხუთის ოლქში ), ერთ შემთხვევაში – “მრეწველების” და ერთშიც – თავისუფალი დემოკრატების.

ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ, რომ ამ ოთხ ოლქში გაიმარჯვებენ დამოუკიდებელი კანდიდატები და არა ქართული ოცნების წარმომადგენელი პარტიების კანდიდატები, რჩება 45 ოლქი, სადაც შესაძლოა ოცნების კანდიდატებმა მოუგონ ენმ-ის კანდიდატებს. ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტია მიიღებს პარლამენტში 113 მანდატს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ოპოზიციური პარტიების პოზიციებს, დაუჭერენ თუ არა მხარს არჩევნების მეორე ტურში ენმ-ის კანდიდატებს, რათა ქართულმა ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გაეცანით ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი