ახალი ამბები

უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ოპოზიციამ ენმ-ის კანდიდატებს მეორე ტურში

12 ოქტომბერი, 2016 • 2341
უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ოპოზიციამ ენმ-ის კანდიდატებს მეორე ტურში

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელთაგან 45-ში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის წარმომადგენლები უპირისპირდებიან. დაუჭერენ თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები ენმ-ის კანდიდატებს მხარს არჩევნების მეორე ტურებში, თუ მისცემენ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალებას?

საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად “ქართულ ოცნებას” სჭირდება მინიმუმ 46 ოლქში გამარჯვება, აქედან ერთ ოლქში (#1 მთაწმინდის) “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი არ ჰყავს, ვინაიდან მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, შესაბამისად, პოტენციურად შეიძლება მოიაზრებოდეს “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაწილად.

საპარლამენტო არჩევნებში “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სახელით მონაწილეობდნენ  “ახალი მემარჯვენეები”, რომელთა თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგი რეგრესული იყო, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს პარტია, რომელსაც ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს.

კაციტაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებულად იმოქმედეს, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ მოასუფთავა პოლიტიკური ველი, ენმ გამოცხადდა ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ პარტიად, ხოლო ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლეობას მიიღებს.

მამუკა კაციტაძე უტიფრობას უწოდებს იმ შესაძლებლობას, რომ გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების გარშემო.

“რომ იყოს პირველი აპრილი, ჩაგითვლიდით ხუმრობად. რა გაქვთ წარმოდგენილი, რომ ახალმა მემარჯვენეებმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი?! ქართული ოცნება კი არა, კომუნისტუტი პარტია რომ იდგეს მეორე მხარეს, არც ერთ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ დავუჭერდი. არ მაქვს ლაპარაკი 9 წელზე, დღევანდელობაზე მაქვს ლაპარაკი და აქედან ამოვდივარ, როცა ამაზე ვლაპარაკობ”, – ამბობს მამუკა კაციტაძე.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა კი საერთოდ საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მომხრეა, რადგან მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა.  გიორგი გუგავა ამბობს, რომ საქართველოს ეყოლება დაუბალანსებელი უმრავლესობა და ვერაფერს გააწყობ მაშინ, როდესაც გაყალბების მანქანაა ჩართული. გუგავა ამბობს, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობაც” გარიგებულია “ქართულ ოცნებასთან”.

“ილუზიის შექმნა, რომ მეორე ტურმა შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს და სახელისუფლებო კანდიდატები არ იყოს დამარცხებული, არის ყალბი”, – ამბობს გუგავა.

“ნეტგაზეთის” მიერ გამოკითხულ პოლიტიკოსთაგან ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მიესალმება “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობას, “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძეა. იგი ვარაუდობს, რომ  ამ გზით ქვეყანა უკეთესად “დალაგდება”.

“ჩემი აზრია და ჩემი თანამოაზრეების, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ოცნებამ და დაალაგოს, საბოლოო ჯამში, საკითხები… რაც უფრო ნაკლები იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პარლამენტში, გაცილებით უფრო კარგად წავა ჩვენი საქმე”, – ამბობს თოფაძე.

კითხვაზე, გადაიქცევა თუ არა “ქართული ოცნება” უკონტროლო ძალად საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, თოფაძე პასუხობს, რომ ასე არ იქნება.

შალვა შავგულიძე, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა დაიქვემდებაროს სახელმწიფო და არასახელმწიფო ინტიტუციები. ამის მიუხედავად, შალვა შავგულიძე მაინც თავს იკავებს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდაჭერისგან.

“ნაციონალური მოძრაობის” წარომომადგენლის ხმის მიცემისგან თავს შევიკავებდი, ვინაიდან ჯერ არ არის გათავისუფლებული იმ ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლების გავლენისაგან, როგორიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერები”, – ამბობს შავგულიძე.

ანი მიტორაძე, “ეროვნული ფორუმის” წევრიც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა პარლამენტში დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის, თუმცა ნაციონალურ მოძრაობასა და “ქართულ ოცნებას” შორის განსხვავებას ვერ ხედავს, რადგან მათ ერთნაირი ბრძოლის მეთოდები, პოლიტიკური სურვილები გააჩნიათ.

“არჩევანი უნდა გაკეთდეს პერსონის მიხედვით და არა იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. თუ ნაციონალია და კარგია, როგორც პოლიტიკური პერსონა, უნდა დაუჭირო მხარი”, – ამბობს მიროტაძე.

ანი მიროტაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მაინც მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებას.

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ასევე უარს ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს მხარი დაუჭირონ. ახვლედიანის თქმით, დღეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი რომ გასულიყო, მთელი პოლიტიკური სპექტრი მისცემდა ხმას, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ეს შანსი არ აქვს.

“ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის პოლიტიკური კონკურენტი, ეს არის დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ადამიანები დახოცა, აწამა, დაარბია და ციხეში ჩააგდო. მათი “გაპრავება” არავის უნდა. იმის მიუხედავად, რომ არ გვინდა, “ქართულმა ოცნებამ” ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება, ამის საპირწონედ არ დგას ნაციონალური მოძრაობა. ეს სხვა თემაა”, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

“ნეტგაზეთს” სურდა  რესპუბლიკური პარტიისგანაც მოესმინა მოსაზრებები, თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო. გუშინ, 11 ოქტომბერს, “რუსთავი 2”-ის ეთერით, გადაცემაში “არჩევანი”, რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში უნდა მისცენ ხმა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რათა თავიდან აირიდონ საკონსტიტუციო უმრავლესობით შეკრებილი პარლამენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები პარტიების მიხედვით

“მაგალითად, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში, კობა ნარჩემაშვილი თუ გიგი წერეთელი, აქ მე კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ ვარ. რომ ვიყო ქუთაისის ამ ოლქის ამომრჩეველი, ხმას მივცემდი კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ არავის, ნაციონალური მოძრაობის, და მანამდე მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის იმხელა უწყევეტი გამოცდილება არ აქვს, რაც გვაქვს “რესპუბლიკურ პარტიას”. აგერ, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელია ჭიათურაში მეორე ტურში…” – ამბობს ბერძენიშვილი.

გოჩა თევდორაძე, პატრიოტთა ალიანსის წევრი, პარტიისა, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ამბობს, რომ მეორე ტურში მათი კანდიდატები აქტიურად არ იქნებიან ჩართული, რადგან მათ არ ჰყავთ მეორე ტურში კანდიდატები.  

თევდორაძე ამბობს, რომ ცალსახად არ დაუჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, იმის მიუხედავად, რომ თევდორაძეს ურჩევნია მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა სამმა პარტიამ: “ქართულმა ოცნებამ” (48%), ნაციონალურმა მოძრაობამ (27%) და პატრიოტთა ალიანსი (5%).

23 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა, ყველა “ქართული ოცნების” კანდიდატია.


 

თქვენ როგორ ფიქრობთ, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში:


მასალების გადაბეჭდვის წესი