ახალი ამბები

ზაქარია ქუცნაშვილი: “ამომრჩეველთა სიაში დარღვევის ყველა სახე გამოვლინდა”

10 ივლისი, 2012 • 1567
ზაქარია ქუცნაშვილი: “ამომრჩეველთა სიაში დარღვევის ყველა სახე  გამოვლინდა”

ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი

ამომრჩეველთა სიის კარდაკარის პრინციპით გადამოწმების შესახებ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 22 ივნისს გამოაცხადა, დღევანდელ ბრიფინგზე კი ზაქარია ქუცნაშვილმა ორი კვირის შედეგები შეაჯამა და ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

“გამოვლენილია მიწერილი ამომრჩეველი, გარდაცვლილი ამომრჩეველი, დუბლირებული და გამორჩენილი ამომრჩევლები, ანუ ყველა ის შემთხვევა, რასთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საბოლოოდ დაახლოებით 40 მილიონამდე მონაცემი იქნება დასამუშავებელი, რაც მოსახლეობის მიერ შევსებულ გრაფებს და სპეციალური შენიშვნების გრაფას გულისხმობს:

“მხოლოდ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, საზოგდაოებას მოვახსენოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის უზუსტობების შესახებ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდება შედეგების ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიასთან შედარება:

“სახელმწიფო კომისიამ თავად განაცხადა, რომ უკვე გამოავლინეს მილიონ ასიათასი უზუსტობა, რაც კატასტროფაა, ფაქტია, რომ არსებული ამომრჩეველთა სია უვარგისია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ბოლო დღეს სახელმწიფო მაინც მოახერხებს ბეჭედდასმული სიების შეცვლას, თუმცა კოალიცია ყველანაირად შეეცდება პროცესის გაკონტროლებას.

ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართული ოცნების”  “კარდაკარის” მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა:

“კარდაკარის ჩატარების დროს კვლავ გვექმნება პრობლემები –  კაჭრეთში დააკავეს “კარდაკარის” ერთი წევრი. ხშირია მუქარები, ხელწერა ერთი და იგივეა, თუმცა ნახევრად ხუმრობით უნდა ითქვას, რომ სამთავრობო თამაშებმა ერთი კვირა პოლიცია მოადუნა და პოლიცია უფრო ნაკლებად აქტიურობდა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე გამგებლები და რწმუნებულები”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღეს “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩეველთა სიის გადასამოწმებლად  საველე სამუშაოები დასრულებულია რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში, გურიის რეგიონის სამივე საარჩევნო ოლქში, იმერეთის 12 ოლქიდან 11 საარჩევნო ოლქში გარდა ქალაქი ქუთაისისა და სამეგრელოს რვავე საარჩევნო ოლქში.

საველე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე–ჯავახეთში და ქალაქ ბათუმში, ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ აჭარის შვიდივე ოლქში საველე მუშაობა დასრულებული იქნება.

საველე სამუშაოები ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პირველი ეტაპია, მეორე ეტაპზე კი მიღებული მონაცემების კომპიუტერული დამუშავება მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი