ახალი ამბები

შემწეობის გარეშე

6 ივლისი, 2012 •
შემწეობის გარეშე

 

თინათინ ბერიძე
თინათინ ბერიძე

სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ თინათინ ბერიძეს საცხოვრებელი სახლი 20 წლის წინ დაეწვა. იგი ბოსელს ზემოდან დაშენებულ ოთახში ცხოვრობს. ერთი ოთახი ერთდროულად ითავსებს სამზარეულოს, მისაღებისა და საძინებლის ფუნქციას. პატარა მაგიდა, ხის სამი სკამი, ე.წ. „ჯორკო“, საბჭოთა წარმოების ძველი მაცივარი, შეშის ღუმელი, ტელევიზორი – ეს იმ ნივთების სრული ჩამონათვალია, რაც ოთახში დგას. ოჯახმა სოციალური შემწეობა გასულ წელს მხოლოდ ორჯერ აიღო. სოციალური შემწეობის მოხსნის მიზეზი, როგორც ქალბატონი თინა აცხადებს, ერთადერთი შვილის სამუშაოდ თურქეთში გადასვლა აღმოჩნდა. „ქმარი სამი წლის წინ გარდამეცვალა, მხოლოდ ერთი შვილი მყავს, უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ სამსახური რომ ვერ ნახა, სამუშაოდ თურქეთში წავიდა, სამი დღის გადასული იყო თურქეთში, რომ სოციალური დახმარება მომიხსნეს. 100 ლარით თუ იცხოვრებს ვინმე? ყველამ იცის ჩემი პრობლემა, შვილიც თურქეთშია წასული და მარტო ვარ 67 წლის ქალი, როცა შვილი თურქეთში მიდის, ჩემი სული თან მიყვება“ – ამბობს ოჯახის დიასახლისი.



დავითაძეების ოჯახი
დავითაძეების ოჯახი

სოფელ ოქტომბერში მცხოვრები დავითაძეების ექვსსულიანი ოჯახის ორი წევრი მეორე ჯგუფის ინვალიდია. ოჯახს სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის პოლისიც მოუხსნეს. დახმარების მოხსნის მიზეზი ქალიშვილის გათხოვება აღმოჩნდა, „ოთხი შვილი მყავს, ერთი გათხოვდა, ერთი უნარშეზღუდულია, მეორე კი – ინვალიდი. დათო 30 წლისაა, სამი წელია, რაც ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა, ახლა გამოცვლა სჭირდება. სოციალურ შემწეობას – 170 ლარს 10 თვის განმავლობაში ვიღებდი, გასული წლის დეკემბერში მომიხსნეს დახმარება, შესწავლის მეორე დღეს ბავშვი საავადმყოფოში მიმყავდა, ღმერთს ვევედრებოდი, პოლისიც არ მომიხსნან- მეთქი და როცა საავადმყოფოში მივედი, მითხრეს, პოლისი არ მოქმედებსო, გამგეობაში მოვიკითხე მიზეზი, მითხრეს ბაზაში აღარ ხართო,“ – ამბობს მრავალშვილიანი დედა, მაგული გოგიტიძე.



თამარ ბაჯელიძე
თამარ ბაჯელიძე

 

 

დახმარება არასოდეს მიუღია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ თამარ ბაჯელიძეს. იგი მარტოხელა მოხუცია. სახლი, სადაც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ხისაა, იატაკი ამოცვენილია, სახლის ყველა ფანჯრის მინა კი – ჩამსხვრეული. როგორც თამარ ბაჯელიძე ამბობს, სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოდის, თოვლის დროს კი შენობაშიც თოვს. „ზამთარში ოთახში მათოვდა, წვიმა ჩამოდიოდა, შეშა არ მქონდა, რომ გავმთბარიყავი, სკამებიც კი დავწვი. თუ რამე მაქვს გასაკეთებელი, პენსიიდან ფულს ვაძლევ და მეხმარებიან. მიწა მაქვს, მაგრამ ვერ ვამუშავებ, რამდენიმე მეტრი ტრაქტორს დავახვნევინე და სიმინდი დავთესე, ფული პენსიიდან მივეცი“.
მარტოხელა მოხუცის თქმით, სოციალურმა აგენტმა შეისწავლა მისი ოჯახის მდგომარეობა, თუმცა მოხუცი დახმარებას დღემდე ელის.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი