აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა, ხოლო მის პოსტზე კი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც პარლამენტმა 4 ივლისს დაამტკიცა.
საკადრო ცვლილებების შემდეგ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ბაჩო ახალაიას ძმამ დათა ახალაიამ და მიზეზად ბაჩო ახალაიას შსს-ს მინისტრად დანიშვნა დაასახელეს.
დათა ახალაია ფიგურირებდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ – გირგვლიანის საქმეში, რის გამოც იგი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დროებით გადადგა. შემდეგ ამ თანამდებობაზე ისევ აღადგინეს, თუმცა საზოგადოებაში ბოლო დრომდე იშვიათად ჩნდებოდა.
საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს” წინააღმდეგ ევროსასამართლომ განაჩენი 2011 წელს გამოიტანა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დარღვეულად სცნო სიცოცხლის უფლება, მოახდინა იმ პრობლემათა იდენტიფიცირება, რომელთა გამოც მივიდა ამ დასკვნამდე.
ადვოკატ დავით ჯანდიერის განმარტებით [ის ევროსასამართლოში გირგვლიანის უფლებებს იცავდა], ევროსასამართლომ მკვეთრად განსაზღვრა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობის მიზეზები : გამოძიების გამო, რომელიც წარმოებდა შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში, მათ შორის ოქმების გაყალბების გამო გამომძიებელთა მიერ (ვალერი ლაცუზბაია და ალექსანდრე მგელაძე), რომლებიც არ ასახავდა სიზუსტით მოწმეთა ჩვენებებს ; დანაშაულის ღამეს შარდენ-ბარის სუფრის წევრების (ქ-ნი თაკო სალაყაია-მერაბიშვილი, ბატონები : ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი) კავშირის შესახებ არასაკმარისი ძიების გამო იმ პირებთან, რომლებიც ცნობილ იქნენ დამნაშავედ ;
მეორე ადვოკატი შალვა შავგულიძე კი 2006 წელს აცხადებდა, რომ დათა ახალაია მოიაზრებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთად, თუმცა, მისივე თქმით, სასამართლო გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო.
გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება რომ არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება”.

