ახალი ამბები

ბურჯანაძე: როგორ, პრორუსულმა ელექტორატმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს?

14 ოქტომბერი, 2016 • 1804
ბურჯანაძე: როგორ, პრორუსულმა ელექტორატმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს?

“როგორ, პრორუსულმა ელექტორატმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს?”, – ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა მაესტროს ეთერში. ბურჯანაძე თვლის, რომ არჩევნებში მისმა პოლიტიკურმა ძალამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა დაფიქსირებული ამ დროისთვის.

ჟურნალისტმა ბურჯანაძეს ჰკითხა, ხომ არ არის არჩევნებში მისი მარცხის მიზეზი წინასაარჩევნოდ უბლოკო სტატუსის თემაზე წარმოებული კამპანია:

“მე ვხვდებოდი ადამიანებს და მათთვის ზუსტად უბლოკო სტატუსი იყო გარანტი იმისა, რომ ქვეყანას შეუძლია დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, რუსული ჯარის გაყვანის და აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების [პროცესი]. უბლოკო სტატუსი… მოდით, ასე ვთქვათ, კარგით, დაუშვათ ვიღაცას მიაჩნია, რომ უბლოკო სტატუსი მიუღებელია, მე ვიბრძოდი, რომ ჩემთვის პრორუსული იარლიყი არ მოეკერებინათ, მაგრამ წარმატებით მომაკერეს… ყველა გამოკითხვით საქართველოში იყო ადამიანების 33% , რომლებიც ლამის ევრაზიის კავშირში შერბოდნენ. იყო ასეთი გამოკითხვა? ესე იგი პრორუსულობაზე მეტად პრორუსულები იყვნენ, დანარჩენი 24%, 40%, ყველა ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს. იმ პრორუსულებიდან, რომლებიც ევრაზიის კავშირში შერბოდნენ, ხუთმა პროცენტმაც არ მისცა ხმა ბურჯანაძეს? ვის მისცა ხმა? ქართულ ოცნებას, რომელსაც ვერ ვათქმევინეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგოს, თუ ნაციონალურ მოძრაობას? ელემენტარულად ლოგიკა ხომ არსებობს?”, – აცხადებს ბურჯანაძე და ირმა ინაშვილის საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს:

 

“გამოდის, რომ ე.წ. პრორუსულმა ელექტორატმა… ირმა ინაშვილი არ არის პრორუსლი ძალა, როგორც თვითონ ამბობს. ბრიუსელიდან აპირებს ხომ დალაგებას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები უდავოდ ჰყავდა. როგორ, პრორუსულმა ელექტორატმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს?”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტია “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრობა” არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ცესკოსგან ხმების გადათვლას ითხოვს.

“ქართული ოცნება და “ნაციონალური მოძრაობა” გარიგდნენ და გადაინაწილეს ოპოზიციური პარტიების ხმები და, შესაბამისად, დაიწერეს არარეალურად მაღალი პროცენტები. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც თავისთვისაც კი მოულოდნელი მაღალი შედეგები აიღო, ლაპარაკობს გაყალბებაზე, თუმცა სიტყვას არ ძრავს არც ხმების გადათვლაზე და არც შედეგების გაუქმებაზე. ჩვენ ცესკოში შესატანად მომზადებული გვაქვს ასობით საჩივარი, რომელშიც დაფიქსირებულია არსებული საჩივრები და ვითხოვთ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმების გადათვლას და, თუ იქნება შესაბამისი საფუძველი, შედეგების კორექტირებას ან გაუქმებას”,- განაცხადა ბურჯანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კონსულტაციებს უკვე სხვა პარტიებთანაც მართავენ, რომ “მათ ბრძოლას სამართლიანობისათვის შემოუერთდნენ”.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტიამ “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრობა” ხმების 3.53% მიიღო და 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. პარტიის შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


 

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” 2008 წლის 23 ნოემბერს დააფუძნა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მაშინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გუნდს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაემიჯნა. მაშინდელი ხელისუფლების ვერსიით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ხელისუფლების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ ბურჯანაძისგან წარდგენილი და რეკომენდებული კადრები.

2009 წლის გაზაფხულზე პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, სხვა პარტიებთან ერთად, ორგანიზებას უწევდა პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს. პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს.

2011 წლის მაისში ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა გამოვიდა კვლავაც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციების ორგანიზატორად. 2011 წლის 26 მაისს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაარბია აღნიშნული მიტინგი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც მიანიშნებდა ნინო ბურჯანაძისა და მისი ოჯახის წევრების კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამის გამო ბრალი მათთვის არ წარუდგენიათ.

ბურჯანაძის ქმრის, ბადრი ბიწაძის მიმართ წარდგენილი იქნა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით, ანუ- წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისათვის.

ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ამ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ბიწაძეს პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.

პარტია  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარეა ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მიიღო ხმების 10,18%.

პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ დარბაზი წარმოადგენს საკონსულტაციო-წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების განხილვა, საჭირო და დროული რეკომენდაციების შემუშავება და  მათი ცხოვრებაში გატარების მხარდაჭერა. დარბაზს თავმჯდომარეობს ნინო ბურჯანაძე, ხოლო მის არყოფნის დროს – პარტიის გენერალური მდივანი, ვახტანგ ყოლბაია. დარბაზთან მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტიის მთავარი საბჭოს წევრები. დარბაზის მუშაობას კოორდინაციას უწევს მთავარი საბჭოს წევრი – მანანა სალუქვაძე.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ საქართველოს მასშტაბით ხმების 10.22% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი