ახალი ამბებიკომენტარი

თავისუფალი დემოკრატების შეცდომები და პრობლემები

12 ოქტომბერი, 2016 • 3024
თავისუფალი დემოკრატების შეცდომები და პრობლემები

ცოტა ფული, წინასაარჩევნო კამპანია, დაპირებები, პროგრამა – რა შეცდომები დაუშვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” 2016 წლის არჩევნებამდე და რა იყო ალასანიას გუნდის პრობლემები, რამაც საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური პარტია პარლამენტს მიღმა, ხოლო შემდეგ ლიდერებს გარეშე დატოვა?

პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რომელიც ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან “დროებით წასვლის” შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი შეცდომების გაანალიზებას დრო სჭირდება:

“ჩვენ მადლიერები ვართ იმ ადამიანების, ვინც არ დაიზარა არჩევნებზე მოსვლა და მოგვცა ხმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა – 80 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, რეალურად რა შეცდომები დაუშვა პარტიამ, რამაც განაპირობა ჩვენი წარუმატებლობა, ამას სჭრიდება დრო. ეს დრო გვჭირდება იმისთვის, რომ დეტალებში გავიაროთ ყველა ის პრობლემა და უკვე უახლოეს მომავალში მზად ვიქნებით, რომ ამაზე გაგცეთ პასუხი.”

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც “თავისუფალი დემოკრატები” თამაშგარე მდგომარეობაში აღოჩნდნენ, არის მწირი ფინანსები:

“მათ არ ჰქონდათ ფინანსები განსხავებით იმ პარტიებისგან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, რაც სერიოზული ფაქტორი იყო”.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით, 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე “თავისუფალმა დემოკრატებმა” 773 449 ლარი დახარჯეს, რაც თითქმის ჩვიდმეტჯერ ნაკლებია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ხარჯებზე. ქართულმა ოცნებამ ამავე პერიოდში 13 მილიონამდე ლარი დახარჯა, პაატა ბურჭულაძის ბლოკმა- 3.4 მილიონზე მეტი, “ნაციონალურმა მოძრაობამ”- 2 მილიონამდე, “პატრიოტთა ალიანსმა”- 1.2 მილიონზე მეტი, ხოლო “რესპუბლიკურმა პარტიამ”- 428 ათასზე ცოტა მეტი.

ფინანსების გარდა კაკაჩია ალასანიას გუნდის პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მათ ვერ გამონახეს ინტერესთა ჯგუფები, აკლდათ ახალი გზავნილები და არ ჰქონდათ “საკუთარი ტელევიზია”:

“მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს მედიებმა საარჩევნო ციკლის დროს, “თავისუფალ დემოკრატებს” არ ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია, განსხვავებით “პატრიოტთა ალიანსის”, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობისგან”. ალასანიას გუნდს არ ჰქონდა საკუთარი მედიასაშუალებები, რომლითაც ისინი შეეცდებოდნენ მათი მომხრეების მობილიზებას. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ ვერ იმუშავეს რეგიონებში; მათი რეგიონალური ორგანიზაციები არ იყო ისეთ დონეზე, ემუშავათ ხალხთან. თვითონ “თავისუფალი დემოკრატები” უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს საერთაშორისო ფორუმებზე, შეხვედრებზე, მაგრამ რაც შეეხება შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შეხვედრები, ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო მათი სოციალური და ინტერესთა ჯგუფების პოვნა, რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს. რაც მთავარია, აუცილებელი იყო უფრო მკვეთრი მესიჯები. გარდა იმისა, რაც ჩვენ გვახსოვს, პენსიების და ხელფასების მომატება, ეს არ იყო საკმარისი და ძალიან ზოგადი იყო. გარკვეულწილად, საჭირო იყო ახალი გზავნილი და ნარატივი, რომელიც ვერ ჩამოაყალიბეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”. მართალია, ძალიან ცოტა დააკლდათ, მაგრამ, ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მაინც ვერ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა”.

პარტიის უკვე ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილი, რომელმაც რამდენიმე ლიდერთან ერთად დღეს დატოვა “თავისუფალი დემოკრატები”, ალასანიას გუნდის ერთ–ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად  მათი პოლიტიკური ძალის ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს:

“თავისუფალი დემოკრატების პრობლემა არის ის, რომ ფინანსურად ძალიან სუსტად ვიყავით. არჩევნებს სჭირდება თავისი თანხები, ეს ყველამ კარგად იცით; მარტო მათთვის არა, ვინც პარტიაში არიან და შრომობენ. იგივე მედიაში გამოჩენისთვისაც. უამრავი თანხა იხარჯება არჩევნების დროს; ელემენტარულად, ბუკლეტი რომ დაბეჭდო, კლიპები ჩაწერო, სარეკლამო დროზე გადაიხადო, კოორდინატორებს გადაუხადო… ეს საშუალებები პრაქტიკულად იყო ძალიან სუსტი და მცირე.”

მმართველ გუნდსა და “ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა,  “თავისუფალ დემოკრატებს” ამომრჩეველმა მხარი რომ არ დაუჭირა. როგორც გია ვოლსკი და ოთო კახიძე აცხადებენ, ალასანიას გუნდმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია დაუთმო მათ არაობიექტურ კრიტიკას.

“მათი მთავარი შეცდომა იყო ინტენსიური გალაშქრება “ქართულ ოცნებაზე”, როდესაც ერთად ბევრი რამე შევქმენით, მით უმეტეს, ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციის თემაზე ძალიან ინტენსიურად და პროდუქტიულად ვიმუშავეთ. ეს არა მარტო მაშინ, როდესაც კოალიციაში ვიყავით, შემდეგაც კარგად მუშაობდა მათი ფრაქცია ამ მიმართულებით და იყო სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული. როგორც კი წინასაარჩევნო პროცესში შევიდნენ “თავისუფალი დემოკრატები”, თავის მთავარ ამოცანად გაიხადეს შეტევა “ქართულ ოცნებაზე”. მათ შორის ძალიან ბევრი სუბიექტივიზმი და არაობიექტური შეფასებები გაისმოდა. ეს უფრო პიროვნულ გაღიზიანებას ჰგავდა, ვიდრე საქმეზე საუბარს. პროგრამული ნაწილიც საკმაოდ სუსტი ჰქონდათ. მაგალითად, პენსიონრებს პენსიის ამაღლებას ჰპირდებოდნენ და რეალური ფინანსური გაანგარიშება ამის საფუძვლებს არ იძლევა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არაობიექტურობაში გადავიდნენ მაშინ, როდესაც თვითონ ყველაზე უკეთ უნდა ხედავდნენ, განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად, მიღწეულ პროგრესს. არსებული სირთულეების მიზეზის დახასიების დროსაც საკმაოდ აკლდა მათ საუბარსა და რიტორიკას რეალური მიზეზების გაანალიზება,” – ამბობს გია ვოლსკი.

მმართველი გუნდის დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყველაზე ძლიერი მხარე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქმიანი ურთიერთობების მაღალპროფესიონალურად წარმართვა იყო:

“ვგულისხმობ ყველა ევროპულ სტრუქტურას – განსაკუთრებით, ევროპისა და საქართველოს ერთობლივ კომისიის ფორმატს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს, სადაც ერთად ვმუშაობდით და საკმაოდ ეფექტური იყო თავის საქმიანობაში ვიქტორ დოლიძე. რამდენიმეჯერ ვთქვი, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი პიროვნული ურთიერთობიდან, ეს გამომდინარეობს რეალური საქმიდან, რასაც თვალყურს ვადევნებდით ამ ხნის განმავლობაში.”

გია ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსული ლიდერებისთვის მმართველ გუნდში მიღება, ან რომელიმე თანამდებობის შეთავაზება “ქართულ ოცნებაში” არ განიხილება.

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ოთო კახიძე ნეტგაზეთთან საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” მთავარ პრობლემად ასახელებს იმას, რომ მათ არ ჰქონდათ მწყობრი საარჩევნო კამპანია.

“მათ ჰყავდათ აბსოლუტურად უუნარო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების ოპოზიცია, პოზიციონირდებოდნენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიცია. შესაბამისად, განიცადეს კრახი.”

ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსა და საპარლამენტო ცხოვრებას არ დააკლდებიან. როგორც ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, ორი პოლიტიკოსის გარდა, ალასანიას გუნდში ყველა ივანიშვილის ხაზის გამგრძელებელი იყო:

“ ჩემი აზრით, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი პარლამენტს არ დააკლდება, თუ არ ჩავთვლით ორ პოლიტიკოსს: ნინო გოგუაძეს და შალვა შავგულიძეს, რომლებიც ნამდვილად იყვნენ კარგი პარლამენტარები. დანარჩენები ჩვეულებრივად იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ხაზის გამგრძელებლები: აბაშიძე, დოლიძე, ცაგარეიშვილი და სხვა. ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან,” – ამბობს კახიძე.

თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართულ ოცნების” წევრებს შეუძლიათ მსგავსი განცხადებების გაკეთება, თუმცა “თავისუფალი დემოკრატები” მათი შეცდომების შესახებ საზოგადოებასთან გარკვეული დროის შემდეგ ისაუბრებენ.

თუმცა გია ვოლსკისგან და ოთო კახიძისგან განსხვავებით, კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” კრიტიკა არ არის რეალური მიზეზი იმისა, რომ ალასანიას გუნდი ვერ მოხვდა პარლამენტში.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, მის მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, იყო სხვა ფაქტორები, რომლებიც “თავისუფალ დემოკრატებზე” არ იყო დამოკიდებული. კორნელი კაკაჩია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას გულისხმობს, რომელმაც გაფლანგა მესამე ძალის რესურსები. ამან, კაკაჩიას აზრით,  ძალიან შეუშალა ხელი ალასანიას გუნდს იმაში, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ.

“ენმ–ის და “ოცნების” კრიტიკით “თავისუფალი დემოკრატები” ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ თავი მესამე ძალად, რასაც ჰქონდა გარკვეული საფუძველი, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც სხვადასხვა კვლევები აჩვენებდა, რომ მოსახლეობის 57% იყო ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, იყო მათი მცდელობა, რომ წარმოეჩინათ თავი, როგორც მესამე ალტერნატივა. ეს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ გამოჩნდებოდა პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ეს პარტიები თავისი რეიტინგებიანად წაიღო და შეითავსა მესამე ძალის ფუნქცია. მგონი, აქ უფრო სხვა პრობლემა იყო – ვერ გაარკვიეს, ვინ იყო მათი ამომრჩეველი და მათზე გათვლილი კონკრეტული გზავნილები ვერ ჩამოაყალიბეს. ენმ–ის და “ოცნების” კრიტიკა რაში უშლიდა ხელს? რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი “თავისუფალი დემოკრატების” ამომრჩეველი არ იყო, ისევე, როგორც “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ალასანიას გუნდის ამომრჩეველია,” – ამბობს კაკაჩია.

დავით ონოფრიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” კრიტიკის საფუძველი საარჩევნო მარათონის დაწყებამდეც არსებობდა და წინასაარჩევნოდ მათი კრიტიკა  შეცდომად არ მიაჩნია.

“ჩვენ ვაკრიტიკებდით “ნაციონალურ მოძრაობას” მათი წინა საქმიანობიდან და რეზულტატებიდან გამომდინარე და ვიბრძოდით კოალიციასთან ერთად, რომ სააკაშვილის რეჟიმი დასრულებულიყო. ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი გვქონდა. მეორე მხრივ, მთელი რიგი დაპირებები და მოლოდინი ვერ შეასრულა “ოცნებამ”, რასაც ასევე ვაკრიტიკებდით. ალბათ, ჩვენი გზავნილები უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო, ოღონდ არა პოლიტიკური პლატფორმის თვალსაზრისით. გასაგებია, რომ ჩვენ ცენტრში ვართ და ორივეს ვაკრიტიკებთ. მესიჯები: “პენსია 300 ლარი”, “საარსებობო მინიმუმი”, “მინიმალური ხელფასი” – ეს ცოტა ადრე უნდა გვეთქვა, რათა დამახსოვრებოდა ამომრჩეველს”, – ამბობს ონოფრიშვილი და დასძენს, რომ ორპოლუსიანობის რეალური შიშის შექმნამ საზოგადოებაში მკაფიო მესიჯების ამომრჩევლამდე მიტანა  ყველა პარტიისთვის გაართულა:

“გვახსოვს არჩევნებამდე ბოლო ერთი კვირის ისტერია, რომ “სააკაშვილი ბრუნდება და “ნაციონალები შეიძლება” მოვიდნენ ხელისუფლებაში”. ამან ძალიან ბევრ მერყევ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა ჩვენი პარტიისთვის მოეცა ხმა, ბოლო მომენტში გადააწყვეტინა, რომ ენმ–ის დაბრუნება საერთოდ არ დამდგარიყო და ხმა მისცა პირდაპირ “ოცნებას”. ბევრისთვის მოულოდნელად, მმართველმა გუნდმა ამიტომაც მიიღო ძალიან მაღალი (პროპორციული – 48,67%) ხმათა რაოდენობა. ასევე, ენმ–ის ამომრჩევლებშიც ვიღაცებს აღარ სურდათ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა, მათ მესამე ძალად ჩვენ წარმოვედგინეთ, მაგრამ ყალბი მოლოდინით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლო არჩევნების მოგება, მესამე ძალას აღარ მისცეს ხმა და ისევ ენმ–ს დაუჭირეს მხარი. თეორიულად, ყველა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა ამ პოლუსებზე გადაინაცვლეს: ერთმა- “ნაციონალური მოძრაობის”, მეორემ -“ქართული ოცნების” მხარეს. ამიტომაც, სხვა პარტიებმა ვეღარ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა, გარდა ისეთმა რადიკალურმა ძალამ, როგორიც არის “პატრიოტთა ალიანსი”, – აცხადებს დავით ონოფრიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

როგორც კორნელი კაკაჩია აცხადებს, დანაკლისი იქნება “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენა, რადგან საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ მივიღებდით მულტიპარტიულ პარლამენტს:

“კარგი იქნებოდა, პროდასავლური პარტიები შესულიყვნენ და ამით უფრო მეტად დაბალანსებული ხელისუფლება გვეყოლებოდა, რომელიც დღეს არ გვყავს, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნება” სავარაუდოდ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, მათი პარლამენტში ყოფნა იქნებოდა ძალიან კარგი. მათ ჰყავდათ ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში. ბუნებრივია, ეს ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მულტიპარტიული, მდგრადი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ვერ მოხდა. რეალურად, ახლა “თავისუფალი დემოკრეტები” თითქმის დაშლის პირას არიან. არა მგონია, ამან მთლიანობაში ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პროცესებს და ამ პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, არსებობდნენ მყარი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად იქნებიან ერთმანეთის მეტოქეობაში და მოსახლეობას მუდმივად შესთავაზებენ ახალ ალტერნატივებს ქვეყნის განვითარების.”

2016 წლის პარლამენტის არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.65 % მიიღეს, რაც საარჩევნო ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის. არჩევნები ხმათა უმრავლესობით კვლავ “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შევიდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – 48,67% ; “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” – 27,11% ;  საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” რიგები პირველმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა, ხოლო შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დროებით მიდის პოლიტიკიდან და უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. პეტრიაშვილისა და ალასანიას შემდეგ პარტია კიდევ ოთხმა ლიდერმა დატოვა: ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი