რას გააძვირებს ლარის გაუფასურება?

ლარის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქციას გააძვირებს. ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიუხედავად, დოლარი ლართან მიმართებაში დღითიდღე ძვირდება.

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს გუშინდელთან შედარებით თითქმის 2 თეთრით (2.3365–დან 2.3527–მდე) გაუფასურდა.

ბუნებრივია, ვალუტის კურსი გავლენას ახდენს იმპორტირებული პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, რა სხვაობაც იქნება კურსში, იმ გავლენას მოახდენს,” – უთხრა ნეტგაზეთს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ. 

“ნავთობის პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალიშვილი განმარტავს, რომ ნავთობპროდუქტების შესყიდვა დოლარში ხორციელდება და, შესაბამისად, დოლარის გაძვირება პირდაპირ წნეხს ახდენს საწვავის ფასზე:

“ლარის კურსის ვარდნის პირობებში, რა თქმა უნდა, არის რისკი, რომ ფასმა მოიმატოს. მაგრამ დღეს, გარდა იმისა, რომ ლარის კურსის ვარდნა ხდება, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასებშიც არ გვაქვს სახარბიელო ვითარება, კერძოდ, ფასები მატულობს. ბოლო თვის განმავლობაში ნავთობის ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი,” – ამბობს მთვრალიშვილი.

ვანო მთვრალიშვილი ვარაუდობს, რომ ეს პროცესები საწვავის ფასზე უახლოეს დღეებში არ აისახება, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ფასების ზრდის კონკრეტულ ვადას ასახელებს კომპანია “სოლედოს” წარმომადგენელი გუჯა გვილავა, რომელმაც 11 ოქტომბერს რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“ვგეგმავთ, შევინარჩუნოთ ფასები საკვებ პროდუქტებზე მიმდინარე თვის ბოლომდე, მაგრამ ნოემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ანგარიშით, იძულებული ვიქნებით გავადიდოთ ათი პროცენტით. სავარაუდოდ, კვების პროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა უმრავლესობა იძულებული გახდება, უახლოეს ორ-სამ კვირაში 5-დან 10 პროცენტამდე მაინც გააძვიროს იმპორტირებული პროდუქცია, თუკი ლარის კურსი ამ პერიოდში მაინც შეინარჩუნებს სტაბილურობას. ლარის კურსის შემდგომი დევალვაციის შემთხვევაში, შეიძლება პროდუქტებზე ფასების აწევა მოხდეს უფრო ადრე. სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდანაც კი”.

 

 

იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატების საფუძველს ვერ ხედავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი:

“ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ძირითადად არიან ჩვენი მეზობლები. აქ დოლარის გამყარების ტენდენცია აღინიშნება და მთავარი ფაქტორი არის, რა პოზიცია გვაქვს, ვინაიდან სავაჭრო პარტნიორებთან მყარი პოზიცია გვაქვს, ფასების კუთხით გავლენას არ მოახდენს,” – უთხრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ “ნეტგაზეთს”. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვირდან აგვისტომდე საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 19,54%  შემოდიოდა დსთ-ის ქვეყნებიდან. იმპორტირებული პროდუქციის 27,02 პროცენტი  ევროკაშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის 53.44% შემოაქვთ.

ლარის კურსის ვარდნას დოლართან მიმართებით არჩევნებს უკავშირებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე. ებანოიძის თქმით, ეროვნული ვალუტის მსგავსი მერყეობა საარჩევნო გარემოში მოულოდნელი არაა:

“ზოგადად, ისეთი პერიოდია, პროგნოზების გაკეთება ძნელია, არჩევნები ახლა დამთავრდა. გარკვეულწილად არჩევნები ყოველთვის ახდენს ხოლმე გავლენას ასეთ შემთხვევაში. ალბათ, ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს ის, რომ სექტემბრის გამავლობაში გაიწია ხარჯები, რომლებმაც დამატებითი ლარი გამოუშვა ბაზარზე,” – ამბობს ებანოიძე.

 

ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის აგვისტოდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 180 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა დევალვაციას კვლავ განაგრძობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.