ახალი ამბები

პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ შემადგენლობას

4 ივლისი, 2012 •
პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ შემადგენლობას

ვანო მერაბიშვილი – პრემიერ მინისტრი
ვანო მერაბიშვილი – პრემიერ მინისტრი

პარლამენტი ასევე იმსჯელებს ბიუჯეტში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით  საბიუჯეტო ცვლილებებზე.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი სამინისტროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 000 ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, მთლიანად ასიგნების დონე ბიუჯეტში არ იცვლება და მოხდება ამ თანხების შიდა ბიუჯეტში გადათამაშება.

დღეს პარლამენტი კენჭს უყრის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე. აპ პოსტზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა პრეზიდენტმა შაბათს წარადგინა.

 

  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ხატია დეკანოსიძის კანდიდატურებია წარდგენილი.   ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე დალი ხომერიკის კანდიდატურაა წარდგენილი. ასევე იქმნება ახალი, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც სათავეში პაატა ტრაპაიძე ჩაუდგება.    

მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

დღევანდელ  სხდომაზევე დეპუტატები პირველი მოსმენით ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებას განიხილავენ.

შესაბამისი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციასა და და საერთო ზედამხედველობას განახორციელებს, ასევე სააგენტოს დებულებას დაამტკიცებს და სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო (ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი). ცვლილება ასევე ეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, რომელიც 9-ის ნაცვლად 3 წევრით განისაზღვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი