ახალი ამბები

ალასანიას და პეტრიაშვილის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები” სხვა ლიდერებმაც დატოვეს

12 ოქტომბერი, 2016 • 1224
ალასანიას და პეტრიაშვილის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები” სხვა ლიდერებმაც დატოვეს

“თავისუფალი დემოკრატები”  ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

“მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას. ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც ბოლო პერიოდში შემოუერთდა პარტიას. არასდროს არ მიხელმძღვანელია ვიწრო პარტიული ინტერესებით, სახელმწიფო ინტერესები ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. მომავალში რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო აჩვენებს,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ის ბოლომდე გააგრძელებს ბროლას თავდაცვის სამინსიტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ციხიდან დასახსნელად:

“ნოემბრამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. ასევე, ვაგრძელებ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიწესდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.”

10 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს და პოლიტიკიდანაც დროებით მიდის. პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმების 4.62% მიიღეს.

იმავე დღეს პარტიის  წევრმა, ვახტანგ მაჭავარიანმა თქვა, რომ გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს. მისივე ინფორმაციით, პარტიაში დარჩნენ ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე.

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაფუძნდა 2009 წელს.  2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას. კოალიცია პარტიამ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვა და დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი