ახალი ამბები

ახალი თელავი 75 მილიონად- რეკონსტრუქცია თუ რესტრავრაცია?

3 ივლისი, 2012 • • 2886
ახალი თელავი 75 მილიონად- რეკონსტრუქცია თუ რესტრავრაცია?

ისტორიული სასახლის სადავო პროექტი

 

”ნეტგაზეთი”  ”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსს თელავში მიმდინარე წლის 29 ივნისს ესტუმრა. მეგზურობა ”ბატონის ციხის” კომპლექსის დათვალიერებისას ამავე მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თენგიზ ალდამიძემ გაგვიწია და დეტალურად გვესაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელსაც რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მოუტანდა ამ დრომდე შემორჩენილ ”კახთა მეფის” ერთადერთ სასახლეს. ეს ობიექტი ”ერეკლეს სასახლის” სახელითაცაა ცნობილი, რადგან სწორედ ამ სასახლეში დაიბადა და გარდაიცვალა ერეკლე მეორე.

 

”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიწყო. თელავის რეაბილიტაციისთვის 60 მილიონ აშშ დოლარს რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკი გაიღებს, 15 მილიონ აშშ დოლარს კი–საქართველოს მთავრობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავში მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმართავს. აღნიშნული ფონდის საიტზე ამ დრომდე დევს თელავის რეკონსტრუქციის ფოტოები – როგორია თელავი ახლა და როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ.

 

აღნიშნულ პროექტში ასევე მოცემულია ”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის ახალი პროექტის ფოტოები. სწორედ ამ პროექტის საფუძველზე მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თენგიზ ალდამიძემ და კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა დაასკვნეს, რომ ხელისუფლება ”ერეკლეს სასახლის” იმდაგვარად გადაკეთებას გეგმავდა, რაც მას ისტორიულ სახეს და ღირებულებას დაუკარგავდა და აქცევდა ტურისტებისთვის მიმზიდველ, ბრჭყვიალა ობიექტად.

 

მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე უკმაყოფილოა ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციის ამჟამად არსებული პროექტით და მიაჩნია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნული სამუზეუმო კომპლექსი დაკარგავს თავის ისტორიულ სახეს და გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი, მაგრამ რეალობისგან შორს მყოფი ობიექტი, რადგან თავის დროზე მოკრძალებული, მდიდრული ელემენტების გარეშე აშენებული ნაგეგბობა რეაბილიტაციის შემდეგ სპარსული სტილით მოხატული, მდიდრული სასახლე გახდება – ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა.

 

კახთ მეფეთა სასახლე(იგივე ერეკლეს სასახლე)1700-იან წლებში სპარსეთში გაზრდილი მმართველის, დავით იმამ– ყული ხანის მიერაა აშენებული. თენგიზ ალდამიძე, რომელიც ამ მუზეუმის დირექტორი იყო წლების მანძილზე, ამბობს, რომ სასახლის აშენების დროს კახეთს ფინანსურად უჭირდა და, შესაბამისად, სასახლეც მოკრძალებული შენობა იყო კედლის მოხატულობებისა და სხვა მდიდრული ელემენტების გარეშე. სასახლის დათვალიერების პარალელურად, მან აგვიხსნა სასახლის ისტორია და იმ პროექტის უარყოფით მხარეებზეც გვესაუბრება, რომლის მიხედვითაც სასახლის გადაკეთება იგეგმება.

 

თენგიზ ალდამიძე ამბობს, რომ დავით იმამ ყული ხანი ტანდაბალი ადამიანი იყო, შესაბამისად, სასახლის ყველა კარი დაბალი და ვიწროა, სამაგიეროდ, საელჩო დარბაზში შესვლისას კახეთის მმართველს მოხრა არ უწევდა, ელჩები კი თავდახრილები შედიოდნენ. საელჩო დარბაზს გარშემო ორსართულიანი, დაბალჭერიანი დერეფანი აკრავს, რაც ეჭვიან იმამ–ყული ხანს იმის გამო ჰქონდა გაკეთებული, რომ მეორე სართულიდან მცველებს საელჩო დარბაზში მიმდინარე ამბებისთვის ეთვალთავალათ.

 

აღნიშნული ორსართულიანი დერეფანი და ყველა ხის კონსტრუქცია, თენგიზ ალდამიძის თქმით, მეოცე საუკუნის 80-იან წლებშია აღდგენილი. მისი თქმით, მაშინ რესტავრაცია ხანგრძილივი კვლევის შედეგად ჩატარდა და ორსართულიანი, დაბალჭერიანი დერეფანი სწორედ კვლევის შემდეგ იქ გაკეთდა, სადაც ძველი ხის კოჭები იყო დამპალი და სადაც ეტყობოდა ძველი დერეფნის კვალი.

 

რეაბილიტაციის პროექტში მითითებულია, რომ დერეფანი უნდა მოიშალოს, გარდა ამისა, დაბალი კარი სასახლეში უნდა ამაღლდეს, სასახლის შიდა ჭერი და კდლები კი სპარსული სტილით მოიხატოს.

 

თენგიზ ალდამიძის თქმით, ამით სრულიად უგულვებელყოფილი იქნება სასახლის თავდაპირველი იდეა და სასახლე გადაიქცევა ტურისტებისთვის მიმზიდველ ბრჭყვიალა, მდიდრულ ობიექტად, ისეთად, როგორიც არასდროს ყოფილა.

 

დაგეგმარებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება სასახლის ახალი პროექტისადმი თავიდანვე უარყოფითი იყო და ამ საკითხზე ის რამდენჯერმე შეხვდა როგორც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს, ისე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს თბილისში და დეტალურად აუხსნა მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის უარყოფითი მხარეები. ცირა ელისაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გაიზიარეს აღნიშნული შნეიშვნები და უარი განაცხადეს პროექტის დაფინასებაზე, თუ ის დღემდე არსებული ფორმით გაგრძელდებოდა.

 

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვანო ვაშაყმაძემ 2 ივლისს ”ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა, რომ ”ბატონის ციხის” მუზეუმის პროექტი შეიცვალა, თუმცა ამას მუშა პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ რეაბილიტაციის პროექტი დროთა განმავლობაში დაიხვეწა და სპეციალისტთა მოსაზრებების გათვალისწინების შემდეგ საბოლოო სახე მიიღო. მისივე თქმით, ახალი პროექტი ორ კვირაში გამოქვეყნდება, მანამდე კი ვანო ვაშაყმაძე გვიყვება, როგორი იქნება ”ერეკლეს სასახლე” რეაბილიტაციის შემდეგ:

 

”ახალი პროექტის მიხედვით იცვლება ის ელემენტები, რომლეიც დაზიანებულია, სახურავზე აღდგება დაზიანებული გუმბათები, შეიცვლება დაზიანებული ფილები, შიდა ინტერიერში დარჩება ნალესი და არ მოიხატება, თუმცა იგეგმება სპეციალური განათებით ვიზუალური პროექციების შექმნა. ასევე ვგეგმავთ ხალიჩების დაგებას, რომელიც ტრადიციული ორნამენტებით იქნება მორთული,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს”  ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

 

”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე ასევე წუხს წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის გამოც, რომელიც ”ერეკლეს სასახლის” გვერდით  1910-იან წლებში აშენდა და იქ განათლებამიღებულმა ქალებმა ცოდნა შემდეგ მთელ კახეთში გაავრცელეს. თენგიზ ალდამიძის მოსაზრებით, აღნიშნულ შენობას ისტორიული ღირებულება გააჩნდა და ის არ უნდა დანგრეულიყო. გარდა ამისა, რესტავრაციის ფარგლებში დანგრეულია ”ბატონის ციხის” მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის შენობის უკანა ნაწილი. მუზეუმის ყოფილი დირექტორი უარყოფითად აფასებს დანგრეული შენობების ადგილზე გაურკვეველი მნიშვნელობის მქონე სპარსული სტილის შენობის აგებას. მისი თქმით, მსგავს სპარსულ შენობას სასახლის ისტორიასთან არანაირი ისტორიული მნიშვნელობა არ აკავშირებს.

 

 წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის ყოფილი შენობის დანგრევასთან დაკავშირებით თენგიზ ალდამიძის მოსაზრებებს არ ეთანხმება ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

 

”ის ჩარევები, რომელიც მე-19 საუკუნისა ბოლოსა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე განხორციელდა, სულ უფრო აშორებდა ამ სასახლეს თავის ისტორიულ ღირებულებას. თავიდან იქ აშენებულ შენობაში განთავსებული იყო ჰოსპიტალი, ყაზარმა, შემდეგ კი სასწავლებელი. ეს შენობა იყო კაპიტალურად ნაგები, მაგრამ სხვა ეპოქის და მისი დანგრევა ჩაითვალა მიზანშეწონილად, რათა ”ბატონის სასახლეს”  დაბრუნებოდა ისტიურლი იერსახე,” – განუცხადა ვანო ვაშაყმაძემ ”ნეტგაზეთს”.

 

”ვარიაციები ძველ თელავზე და არა რესტავრაცია”

 

”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის გარდა, თელავში მიმდინარეობს მოედნებისა და ისტორიული უბნის ქუჩების რეაბილიტაცია. გადათხრილი და მტვრიანი ქუჩები, ხარაჩოში ჩასმული შენობები, ასეულობით მუშა და სამშენებლო ტექნიკა – ასე გამოყურება თელავი, რომლის რეაბილიტაციაც 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ამისთვის 75 მილიონი  აშშ  დოლარი დაიხარჯება.

 

დაგეგმარებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემებს შეიცავს არა მხოლოდ თელავის რეაბილიტაციის პროექტი, არამედ საწარმოო პროცესი – პროექტის შესრულება.  ცირა ელისაშვილის თქმით, სამშენებლო სამუშაოები წინ უსწრებდა პროექტს, რაც რესტავრაციის თავლსაზრისით მიუღებელია, გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტი მხოლოდ ვიზუალურ მასალას(ფოტოებს) შეიცავდა და მას არ ჰქონდა სამუშაო ნახაზები.

 

”ეს არის ვარიაცია ძველი თელავის თემაზე, ეს არის სრულიად ახალი შემოქმედება და არა რესტავრაცია. რესტავრაცია გამორიცხავს შემოქმედებას. რესტავაცია არის ვიღაცის გაკეთებულის განახლება და მისი პირვანდელი სახით შენარჩუნება, თელავში კი ახლა პირიქით ხდება,” – ამბობს ცირა ელისაშვილი და რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:

 

1. სამუშაოების შესრულების დროს მთლიანად მოიხსნა ნალესობა ფასადებზე იქაც კი, სადაც ამის საჭიროება არ იყო და შეილესა ჩვეულებრივი ცემენტით. რეაბილიტაციის წესების მიხედვით კი, სპეციალისტებს ლაბორატორიულად უნდა შეესწავლათ ეს შენობები– როგორ, რა მასალით იყო შელესილი და გამოეყენებინათ იგივე ტექნოლოგია, რითიც ის იყო გაკეთებული.

 

2.  შენობებს, რომელბსაც რეაბილიტაცია უტარდებათ თელავში, კონსტრუქციულად გაამაგრეს არმატურის რკინის ბადეებით, რისი აუცილებლობაც არ იყო, ვინაიდან, აღნიშნულ შენობებს არანაირი დაზიანებები არ ჰქონდა, რკინის კონსტრქუციუა კი მათ დაამძიმებს.

 

3. ახალი პროექტის მიხედვით, თელავში არსებულ სახლებს ემატება სართულები, ემატება აივნები და ისეთი დეტალები, რომელიც არ ჰქონდა ამ სახლებს.  გარდა ამისა, ხის ელემენტები, რომლებიც იქ იყო, მთლიანად მოიხსნა და ახალი მასალით კეთდება ახალი დეტალები. შესაბამისად, სიძველის ელემენტად რჩება მხოლოდ შიდა ეზოები, კედლები და არა ის ხის ელემენტები, რომელიც ახასიათებდა თელავს.

 

კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ  თელავის ისტორიული უბნების ისტორიული ღირებულება, სიძველის ხარისხი, მკვეთრად მცირდება ამ რეაბილიტაციის ფონზე.

 

თელავის ისტორიული უბნის მცხოვრებთა ის ნაწილი, ვისაც ვესაუბრეთ,  ქუჩებისა და შენობების ისტორიულ ღირებულებაზე მეტად  ფინანსური შემოსავლის გაზრდაზე უფრო ფიქრობენ და რეაბილიტაციასაც იმედით შეჰყურებენ.

 

ოლეგ ფეიქრიშვილის სახლს, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ამ ქუჩის სხვა სახლების მგავსად, რეაბილიტაციას უტარებენ.

 

ოლეგ ფეიქრიშვილი პროფესიით ქვის მთლელია და ყურადღებით აკვირდება რეაბილიტაციის პროცესს საკუთარ ქუჩაზე. ამბობს, რომ პროექტი მოსწონს და ძალიან უხარია ქალაქის განახლება, თუმცა გარკვეულ საკითხებზე მაინც წუხს.

 

”მჯერა, მთლიანობაში ყველაფერი ლამაზი გამოვა, ბევრი ხალხი მუშაობს, მაგრამ ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებენ, სადღაც ეჩქარებათ. როცა ასე სწრაფად მუშაობ, ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც ნახაზეა. მერე არ მოეწონებათ და ხელმეორედ გააკეთებენ. მეტი ორგანიზება სჭირდებათ მუშებს, ერთ საქმეს რომ აკეთებენ, ატოვებენ და სხვა საქმეზე გადადიან, კარგად არ არიან დაკვალიანებული,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ოლეგ ფეიქრიშვილმა. ის ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქში ბიზნესის წარმოება გაადვილდება და ტურისტების გაზრიდლი რაოდენობა მოსახლეობას შემოსავალს მოუტანს.

 

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ყველა სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მათზე მიმაგრებულია წარწერა: ”ძეგლი დახულია სახელმწიფოს მიერ და დამზიანებელი ისჯება კანონით”. ამ მიზეზით, თელავის ძველი უბნის მცხობვრებნი საკუთარი სახლის შეკეთებას იმ შემთხვევაშიც ვერ ახერხებდნენ, როცა მათი სახლი ზიანდებოდა და შეკეთება აუცილებელი იყო. შესაბამისად, ისინი რეაბილიტაციით კმაყოფილები არიან, რადგან, რასაც თავად ვერ აკეთებდნენ სურვილის შემთხვევაში თუნდაც საკუთარი ხარჯებით, ახლა ამას ხელისუფლება აკეთებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დახმარებით.

 

თელავში რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი