ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე: შესაძლებელია, II ტურში მხოლოდ ერთმა კანდიდატმაც იყაროს კენჭი

10 ოქტომბერი, 2016 • 2421
ვახტანგ ხმალაძე: შესაძლებელია, II ტურში მხოლოდ ერთმა კანდიდატმაც იყაროს კენჭი

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლს არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატების შესახებ სხვადასხვაგვარად კითხულობენ ცენტრალური საარჩევნო კომისია და არასამთავრობო ორგანიზაციები (საია, ISFED). განსხვავებულად ფიქრობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ შესაძლებელია, მეორე ტურში მხოლოდ ერთმა კანდიდატმა იყაროს კენჭი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს … უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 10 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, თუკი მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს არ სურს არჩევნების II ტურში მონაწილეობა, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული. ეს იმიტომ, რომ 120-ე მუხლის ცესკოსეული ინტერპრეტაციით, თუკი მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან რომელიმეს რეგისტრაციის გაუქმების სურვილი ექნება, ის ამას ვერ მოახერხებს, რადგან რეგისტრაციის გაუქმების ვადა უკვე გასული იქნება.

განსხვავებულად ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ კანონში საუბარია ათ დღეზე და არ არის დაზუსტებული, პირველ ტურზეა საუბარი, თუ მეორეზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ეს ზოგადი ჩანაწერია და გამოიყენება საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში.

ამ განმარტებას ეთანხმება ვახტანგ ხმალაძეც. ის განასხვავებს ორ ცნებას, – „არჩევნების დღესა“ და „კენჭისყრის დღეს“, – და ამბობს, რომ არჩევნების დღედ 8 ოქტომბერი იყო დანიშნული, „კენჭისყრის დღე“ კი შეიძლება იყოს მეორე ტურშიც. შესაბამისად, ხმალაძისთვის გაუგებარია კანონის სხვანაირი ინტერპრეტაცია: მისი აზრით, კანდიდატს ნამდვილად აქვს კანდიდატურის მოხსნის უფლება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა, იქნება ეს I თუ II ტური.

არასამთავრო ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ როცა საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატიდან ერთი უარს აცხადებს მონაწილეობაზე, ის საუკეთესო შედეგის მესამე კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს. ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ ამგვარი ჩანაწერი კანონში არ არსებობს. შესაბამისად, ხმალაძე მიიჩნევს, რომ მოხსნილი კანდიდატურა არ უნდა ჩანაცვლდეს მესამე (I ტურის მონაცემებით, საუკეთესო შედეგების მქონე რიგით მესამე) კანდიდატით.

კანონის ხმალაძისეული ინტერპრეტაციით, თუკი ერთ-ერთი კანდიდატი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩება. მისი გამარჯვებისათვის კი ერთი ხმაც საკმარისი იქნება. „ის, რომ ხალხი მას ლეგიტიმაციას ანიჭებს, იქიდანაც ჩანს, რომ მან II ტურში გადასასვლელად საკმარისი ხმები მოაგროვა“, – ამბობს ხმალაძე.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.95%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,65%, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 27,12%, პატრიოტთა ალიანსმა – 5%. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან  45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპრიდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი