ახალი ამბები

საია და ISFED არ ეთანხმებიან ცესკოს განმარტებას მეორე ტურში კანდიდატების ჩანაცვლებაზე

10 ოქტომბერი, 2016 • 1577
საია და ISFED არ ეთანხმებიან ცესკოს განმარტებას მეორე ტურში კანდიდატების ჩანაცვლებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მეორე ტურში მონაწილეობა არ სურს,  მისი მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში არ უნდა აისახოს.

თუკი მაჟორიტარული არჩევნების I ტურში დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი იღებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის იურისტის, ლელა ტაილურის განმარტებით, თუ კანდიდატს მეორე ტურში მონაწილეობა არ სურს, ის მესამე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს:

“საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცავს სპეციალურ ჩანაწერს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის შესახებ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით [მუხლი 120], კენჭისყრამდე არაუგვიანეს ათი დღისა კანდიდატს უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს და შესაბამისი განცხადებით  მიმართოს ცესკოს. კანონში საუბარია ათ დღეზე და  არ არის დაზუსტებული, პირველ ტურზეა საუბარი, თუ მეორეზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიჩნევთ, რომ ეს ზოგადი ჩანაწერია და გამოიყენება საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში”.

ლელა ტალიურის თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, როცა საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატიდან ერთი უარს აცხადებს მონაწილეობაზე, ის საუკეთესო შედეგის მესამე კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს:

“თუ ერთი კანდიდატი ეთიშება მეორე ტურს, ის იმ კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელსაც მასზე ნაკლები, მაგრამ სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მონაცემები მაინც დაიტანეს ბიულეტენზე, ამომრჩეველს ეცოდინება, რომ ის აღარ მონაწილეობს არჩევნებში და მის სასარგებლოდ არჩევანს ტყუილად გააკეთებს, რადგან მისმა რჩეულმა რომც გაიმარჯვოს, პარლამენტში მაინც არ შევა. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვას აზრი ეკარგება, რადგან ავტომატურად სხვა კანდიდატი არის გამარჯვებული. გამოდის, რომ ტყუილად დაიხარჯება რესურსები, ამომრჩეველს ნიჰილისტური განწყობა ექნება, ბევრი არც წავა არჩევნებზე. აზრს კარგავს მეორე ტური.”

იგივე პოზიცია აქვს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორს, მიხეილ ბენიძეს. მისი განცხადებით,  თუ “ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ბოიკოტს გამოუცხადებს, მაშინ მათ ნაცვლად საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო პარტიის კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

კანონის ამ ნორმას განსხვავებულად განმარტავს ცესკო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, თუკი მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს არ სურს არჩევნების II ტურში მონაწილეობა, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული და მას საუკეთესო შედეგის მქონე მესამე კანდიდატი არ ჩაანაცვლებს.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,6 %  ხოლო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- 27,14%. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან  45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპრიდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი