ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოსვლა სახიფათოა

10 ოქტომბერი, 2016 • 1330
უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოსვლა სახიფათოა

დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა ყველაზე რთული გზაა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი პარლამენტში, შეცდომებს ადვილად დაუშვებს:

“მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფელად. ძალიან მინდა ვისურვო, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეძლებენ წარმატებით გაიარონ იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც თავად აირჩიეს.  საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა კი არ არის რთული, შეცდომების დაშვებაა ადვილი.  ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს. ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია. ”

უსუფაშვილი თქმით,  კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული, ვისაც სკაონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, ყველა შეცდომებს უშვებდა:

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებში ვხედავ აღტკინებას, სიამაყით ამბობენ, რომ საკონტიტუციო უმრავლესობა ექნებათ. თითქოს ამით ევერესტზე ავიდნენ, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი, იქედან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად. ”

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,6 %  ხოლო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- 27,14%. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

9 ოქტომბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. კონსტიტუციის ნაწილობრივ ან სრულად გადასინჯვისთვის 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი