ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: მირჩევნია “პატრიოტთა ალიანსი” იყოს პარლამენტში და არა გარეთ

10 ოქტომბერი, 2016 • 1411
დავით უსუფაშვილი: მირჩევნია “პატრიოტთა ალიანსი” იყოს პარლამენტში და არა გარეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას ურჩევნია “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში იყოს, ვიდრე პარლამენტს გარეთ.

დავით უსუფაშვილის თქმით, როცა ის მრავალპარტიულ პარლამენტზე საუბრობს, მხოლოდ ლიბერალური პარტიებით დაკომპლექტებულ პარლამენტს არ გულისხმობს:

“პატრიოტთა ალიანსი” “რესპუბლუკური პარტიისთვის” რჩება ნომერ პირველ კონკურენტ პოლიტიკურ ძალად იდეოლოგიური თვალსაზრისით, მირჩევნია ისინი პარლამენტში იყვნენ, ვიდრე იყვნენ პარლამენტს გარეთ. როცა ვლაპარაკობ მრავალპარტიულ პარლამენტზე, არ ვლაპარაკობ მრავალ რესპუბლიკურპარტიიან პარლამენტზე. იმაზე ვლაპარაკობ, რომ მოსახლეობის განწყობები პარლამენტში ადეკვატურად იყოს წარმოდგნეილი. ვიცი, არის ხალხი, რომელიც მათ მხარს უჭერს, საკმარისი მხარდაჭერა აქვთ და თუ შედეგი მიიღეს და ციფრებიდან გამომდიანრე იმსახურებენ პარლამენტში ყოფნას, ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში,” – განაცხადა უსუფაშვილმა.”

დავით უსუფაშვილის თქმით, ის არჩევნების მონაცემებს ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა საარჩევნო ოქმების გამოქვეყნების პროცესში შერჩევით პრინციპზე საუბრობს:

“ვაღიარებ და ვენდობი იმ შედეგებს, რაც დაიდო. მე არ ვენდობი იმ პროცესს, რა თანმიმდევრობითაც ქვეყნებოდა შედეგები. როგორღაც ისე მოხდა, რომ თავდაპირველად გამოქვეყნებული ოთხასი უბნის შედეგებით, “ქართულ ოცნებას” მაქსიმალური შესაძლო პროცენტი ჰქონდა, რაც ეგზითპოლში იყო ნაჩვენები, ყველა სხვას ჰქონდა მინიმალური პროცენტი. შემდეგი უბნების ოქმების შეყვანის პროცესში “ოცნების” შედეგი ქვემოთ იწევდა, ხოლო სხვების ზევით. არ ვამბობ, რომ ცესკომ რამე გააყალბა, მაგრამ როცა ათასი უბნის მონაცემი გაქვს და  ვიღაც პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე  ზრუნავს, ჯერ რომელი უბნების შედეგები შეიყვანონ სისტემაში. ეს არ არის სწორი. ეს ყველაზე მეტად გამოვლინდა პატრიოტთა ალიანსთან მიმართებაში. ბოლო რამდენიმე უბნის შედეგია შესაყვანი და არ ვიცით, პარტია ბარიერს ლახავს, თუ ვერა.”

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯამში, პარტიებმა მიიღეს 1 762 975 ხმა. იმ შემთხვევაში, თუკი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო ამ ხმების 5%, გამოდის, რომ მას უნდა მიეღო 88 148 ხმა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი, პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ ხმების 4.99%.

მასალების გადაბეჭდვის წესი