ახალი ამბები

სავალდებულო ტრანზიტის კანონპროექტის უარყოფითი და დადებითი მხარეები

27 ივნისი, 2012 • • 1240
სავალდებულო ტრანზიტის კანონპროექტის უარყოფითი და დადებითი მხარეები

სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტთან – Must Carry-ის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში 26 ივნისს დარეგისტრირდა.

“საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში (არანაკლებ 60 დღით ადრე) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება”, – აღნიშნულია კანონპროექტში.  

კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორის, უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, თუ რომელიმე ტელევიზიის ლიცენზია მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრულ ადგილას, საკაბელო მაუწყებლებმა მხოლოდ იმ არეალზე  უნდა გადასცენ მათი სიგნალი.

“მაგალითად, 25–ე არხი თუ მაუწყებლობს აჭარის ფარგლებში, ამ ფარგლებში რაც არის საკაბელო მაუწყებლები, მათ ექნებათ ვალდებულება, რომ გადასცენ მისი სიგნალი”, – აღნიშნავს კანონპროექტის ავტორი ნუგზარ წიკლაური.

ტელეკომპანია ”კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი მსგავს ფორმულირებას გაუმართლებლად  მიიჩნევს და “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია “კავკასია” არ მაუწყობლობს თანამგზავრზე, შესაბამისად, ის საქართველოს რეგიონებში ვერ იმაუწყებლებს და ვერ მოხდება საქართველოს საკაბელო ოპერატორების მხრიდან “კავკასიის” სავალდებულო ტრანზიტი.

“თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია ითვლება მთელ საქართველოზე ლიცენზიად. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ეს ცვლილებები, ვინც მაუწყებლობს თანამგზავრზე.  კავკასია არ მაუწყებლობს თანამგზავრზე. სიმართლე რომ გითხრათ, სრულიად აბსურდია  და არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ თანამგზავრულ და საკაბელო მაუწყებლებზე ვრცელდებოდეს must carry. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ “მაესტრო” და “მე–9 არხი” მოხვდნენ  must carry–ის მოქმედების არეალში და “კავკასიაზე” ისეთი ფორმულირება ჩაიწერა, რომ  ეს ტელეკომპანია ვერ ხვდება must carry–ის მოქმედების ზონაში”, – აღნიშნავს ჯანგირაშვილი და აქვე დასძენს, რომ უკიდურეს შემთხვევაში ისიც აიღებს თანამგზავრულ ლიცენზიას.

“კავკასიას” არ დავჩაგრავ. უბრალოდ ფინანსური რესურსების მობილიზება მომიწევს ამ მიმართულებით, რაც დიდად არ მეხალისება და განსხვავებით სხვა ტელეკომპანიებისგან, არ მაქვს ამდენი ფინანსური რესურსები. მაგრამ მე ამას აუცილებლად მოვახერხებ, რომ არ აღვმოჩნდე კიდევ ერთხელ არაკონკურენტულ გარემოში”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” ჯანგირაშვილმა.

მეორე საკითხი, რამაც კანონპროექტის ირგვლივ უკმაყოფილება გამოიწვია, ეხება must carry-ის მოქმედების ხანგრძლივობას, რომელიც ახალი ინიციატივით სავალდებულო ტრანზიტის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდის ორთვიან პერიოდს მოიცავს.  

„მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველებს 2-თვიან პერიოდში ინფორმაციის მიღებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ ეს უნდა გაგრძელდეს არა მარტო ორი თვის განმავლობაში, არამედ შემდგომაც. მაგრამ მიმაჩნია, რომ დავალდებულება მთელი მათი საქმიანობის განმავლობაში კერძო ბიზნესისათვის, რომ ესა თუ ის სატელევიზიო არხი გადასცენ, არ იქნება სამართლიანი“- მიიჩნევს კანონპროექტის ავტორი ნუგზარ წიკლაური.

საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წარმომადგენლი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, თუმცა ასევე არის მეორე საკითხიც –  რომ სულ მცირე  არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების ვადა , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოც დღეს,  მოხვდეს  must carry–ის მოქმედების ქვეშ.

აღნიშნული ინიციატივით must carry–ის მოქმედება არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე დასრულდება.   

must carry-ის შემოღებას პოზიტიურ და დადებით მოვლენად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, თუმცა პარლამენტში ინიცირებულ ვერსიასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნას გამოყოფს.

“პირველ რიგში ვადებთან დაკავშირებით იყო ასეთი წინადადება, რომ ზოგადად უნდა ემუშავა ამ პრინციპს და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე პერიოდია ეს და, როგორც მინიმუმ, არჩევნების შეჯამებამდე უნდა იყოს ეს  გახანგრძლივებული”, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს.
კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახა ანჯაფარიძე არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი