ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პატრიოტთა ალიანსისა” და ამომრჩეველთა დაპირისპირება იორმუღანლოში [video]

8 ოქტომბერი, 2016 • 1299
“პატრიოტთა ალიანსისა” და ამომრჩეველთა დაპირისპირება იორმუღანლოში [video]

“პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელი, მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ირმა ინაშვილი, დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში ჩავიდა. მან უბნებზე თავისი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  დარღვევების შესახებ ისაუბრა.

ინაშვილის განცახდებით, იორმუღანლოს 38-ე უბანზე ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით მონაწილეობს არჩევნებში.

როგორც ამომრჩეველი ამბობს, პირადობის მოწმობები პენსიონერებისთვის უვადოდ გაიცემა, შესაბამისად, რაიმე ტიპის კანონდარღვევას მათი მხრიდან ადგილი არ აქვს.

“პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი პრეტენზია შეეხება უბნებთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რომელთაც უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე შეუზღუდავად დგომის უფლება აქვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ირმა ინაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამომრჩეველი კონკრეტული პარტიების მხარდაჭერასა და დანარჩენ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ინაშვილი აცხადებს, რომ ყველა დარღვევის შესახებ დღეს საღამოს საგარეჯოში დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

დღეს საჩივრები დაიწერა იორმუღანლოს რამდენიმე საარჩევნო უბანზე. საჩივრების დიდი ნაწილი კომისიის წევრთა მიერ ყუთთან მდგარი ამომრჩევლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო ნომრის გადაძახილის  გამო დაიწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი