ახალი ამბები

საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ

8 ოქტომბერი, 2016 •
საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილი 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და 816 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძვის.

ამჟამად ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661 ამომრჩეველმა. საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების მიხედვით, ყველაზე მეტი – 3 978 247 ამომრჩეველი მონაწილეობდა 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში

დღემდე საქართველოში 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა:

[checklist]

  • 1990 წლის 28 ოქტომბერი – უზენაესი საბჭოს არჩევნები. მასში მონაწილე 14 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 4%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა ექვსმა და 250 მანდატიდან 125 მიიღო პოლიტიკურმა გაერთიანებამ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”
  • 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 36 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 2%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 24–მა პარტიამ
  • 1995 წლის 5 ნოემბრის  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 53 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 5%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 3–მა პარტიამ და 235 მანდატიდან 108 მიიღო “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა”
  • 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 45 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 7%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 3–მა პარტიამ და 235 მანდატიდან 131 მიიღო “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა”
  • 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდა “ვარდების რევოლუციის” შედეგად
  • 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 7%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 2–მა გაერთიანებამ: ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები – 66.24%, მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები – 7.56%
  • 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 12 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 5%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 4–მა გაერთიანებამ. უმრავლესობა მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 59.18%. პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდა 150–მდე
  • 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 16 პოლიტიკური გაერთიანებიდან დადგენილი 5%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 2–მა გაერთიანებამ: ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება – 54.97%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 40.34%.

[/checklist]

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი