ახალი ამბები

საკონსტიტუციოს მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის საკითხზე დამატებითი დრო ითხოვა

6 ოქტომბერი, 2016 • 1164
საკონსტიტუციოს მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის საკითხზე დამატებითი დრო ითხოვა

დღეს, 6 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე უნდა განეხილათ სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის/კანდიდატების წარდგენისა და არჩევის საკითხი, თუმცა, როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებლი განცხადებით ირკვევა, კანდიდატები დღევანდელ სხდომაზე არ დაუსახელებიათ.

“2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა,”- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადებულან მოსამართლეები: მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პლენუმს 5 მოსამართლე დაესწრო და კვორუმი არ იყო საჭირო, რადგან საკითხები არ დაუყენებიათ.

ახალი თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა გიორგი პაპუაშვილს.

კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა აირჩეს. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი