ახალი ამბებიკომენტარი

უსუფაშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქების შეფასებისას რუსულ ინტერესზე მიუთითებს

5 ოქტომბერი, 2016 •
უსუფაშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქების შეფასებისას რუსულ ინტერესზე მიუთითებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მაქსიმალურად აღვივებენ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს, საზოგადოებაში ქმნიან მაღალ ემოციურ ფონს, რაც რუსეთს სიტუაციის არევისთვის ნოყიერ ნიადგას უქმნის.

“როდესაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად აღვივებენ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს, მოსახლეობაში ნერგავენ გათიშულობას. ამ ორივე პოლიტიკური ძალის მიერ საზოგადოებაში არის მაღალი ემოციური ფონი შექმნილი, რაც ქმნის ნოყიერ ნიადაგს არა მხოლოდ ამავე ძალების მიერ ერთმანეთის მაპროვოცირებლად თუ თავისი ამომრჩევლის მობილიზებისთვის, არამედ ამით საქართველოს მტრებისთვის იქმნება ნოყიერი ნიადაგი სიტუაციის არევის იმიტომ, რომ მოსკოვს არ აქვს ილუზია, რომ ამ არჩევნებში რომელიმე პრორუსული ძალა გაიმარჯვებს,” – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” პირველი ნომერი.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან ორი –ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109–ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი