ახალი ამბები

“პატრიოტების” საჩივარი რუსთავი 2–ის წინააღმდეგ GNCC–მ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

30 სექტემბერი, 2016 • 1598
“პატრიოტების” საჩივარი რუსთავი 2–ის წინააღმდეგ GNCC–მ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ნაწილობრივ დააკმაყოფილა “პატრიოტთა ალიანსის” საჩივარი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ  და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმი განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს, ტელევიზია 1500 ლარით დაჯარიმდება, სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს თუ გააუქმებს კომისიის მიერ მიღებულ ოქმს.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, სარეკლამო რგოლის ამოღებით მაუწყებელმა დაარღვია საქართველოს საარჩვნო კოდექსის 51-ე მუხლის მეექვსე ნაწილი.

საარჩევნო კოდექსის 51–ე მუხლის მეექვსე ნაწილი გულისხმობს:
“საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის”.
კომისიის წევრებმა კი ეს მუხლი ასე განმარტეს:
“დარღვეული იყო კანონი, კერძოდ, 51-ე მუხლის მეექვსე ნაწილი. კერძოდ იმით, რომ მაუწყებელმა შეუთანხმებლად საარჩევნო სუბიექტთან წინასწარ შეთანხმებული საარჩევნო რგოლი, რომელიც მის ეთერში გადიოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სუბიექტთან შეუთანხმებლად, ახალი კლიპის წარმოდგენის გარეშე, თვითნებურად ჩაანაცვლა საკუთარი შეხედულებით სხვა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ირღვევა 51–ე მუხლის მეექვსე ნაწილი,” – განაცხადა კომისიის წევრმა კახი ბექაურმა.
“გამოდის, რომ სუბიექტის მიერ წარმოდგენილი კლიპი მოიხსნა და მის ნაცვლად, მათთან შეუთანხმებლად სუბიექტის მიერ კორექტივების შეტანის გარეშე, რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა მასთან შეუთანხმებლად სხვა საარჩევნო კლიპი. რომ ვამბობთ, ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევას, ამ შემთხვევაში, ამას ვგულიხმობთ,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ.

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” მათი წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო ბადიდან ამოღებაში ედავებოდა. პარტიამ კომისიას სამი მოთხოვნით მიმართა: 1. დაევალოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო რეკლამის ტელეეთერში აღდგენა; 2. პოლიტიკური სუბიექტისთვის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო საეთერო დროის კომპენსირება; 3. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. თუმცა განხივლის პროცესში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნა დარჩა ძალაში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მხოლოდ მესამე მოთხოვნა დააკმაყოფილა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, კომისია აღნიშნული რეკლამის აღდგენაზე იქამდე ვერ იმსჯელებს, სანამ რეკლამის შინაარსს ცესკო არ განიხილავს.

სწორედ რეკლამის შინაარსი გახდა, ტელეკომპანიის განცხადებით, მისი ამოღების მიზეზი. ტელეკომპანიის წარმომადგენლის თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარაჩევნო რეკლამა ატარებდა ანტითურქულ ხასიათს, აღვივებდა ეთნიკურ შუღლს და ეწეოდა ქსენოფობიის პროპაგანდას, რაც, როგორც საქართველოს კონსტოტუციას, ასევე, არხის სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეკლამის შინაარსის შეფასებაზე პასუხისმგებელი ცენტრალური საარაჩევნო კომისიაა, რომელიც ამჟამად საკითხს სწავლობს და მაუწყებელს არ ჰქონდა მისი მოხსნის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გადიოდა ეთერში.

კომისიის განცხადებით, მაუწყებელს რეკლამის სადავო შინაარსის შემთხვევაში, ცესკოსთვის რგოლის განთავსებამდე უნდა მიემართა. შესაბამისად, თუ მან ეს უფლება რეკლამის განთავსებისას არ გამოიყენა და რამდენიმე დღის შემდეგ თვითნებურად მოხსნა სარეკლამო რგოლი, ამ ქმედებით საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის” რეკლამა რუსთავი ორის ეთერში ორი დღის განმავლობაში (23-24 სექტემბერს) გადიოდა. 24 სექტემბერს კი ტელეკომპანიამ რეკლამა მოხსნა. “პატრიოტთა ალიანსმა” აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანიას მიმართა და მათ შესწორებული რგოლი მიაწდა. სარეკლამო რგოლის მიღების შემდეგ ტელეკომპანიამ ალტერნატიული რეკლამა შესწორებულით ჩაანაცვლა. 25 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ცესკოს სადავო რეკლამის შინაარსის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკითხს შეისწავლის და დაადგენს, მართლაც შეიცავდა თუ არა ის ქსენოფობიურ მესიჯებს, რის შემდეგაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია რეკლამის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი