ახალი ამბები

სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა იანვრამდე გადაიდო

30 სექტემბერი, 2016 • 1751
სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა იანვრამდე გადაიდო

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტი საქართველოდან წარდგენილ 3 მოსამართლის კანდიდატურას კენჭს იანვარში უყრის. ამის შესახებ ბარამიძემ ნეტგაზეთთან მიმოწერაში განაცხადა.

“ჩატარდა გასაუბრება სამივე კანდიდატთან და კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა ჩაატაროს იანვარში. სამივეს უყრიან კენჭს. გამარჯვებულს კენჭისყრა გამოავლენს”, – მოგვწერა ბარამიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩატარდა კენჭისყრა გუშინ, ბარამიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას არ აქვს:

“არ ვიცი, მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ იანვარს”.

კითხვას, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ კომიტეტმა შესაძლოა საქართველოდან წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი კანდიდატურების წარდგენა მოითხოვოს, ბარამიძე ამბობს: “კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება ამ კანდიდატურებზე და ახლებზე როგორ იქნება ლაპარაკი?”.

რატომ არ ჩატარდა კენჭისყრა გუშინ? – ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს არც საქართველოდან წარდგენილ მეორე კანდიდატს ევა გოცირიძეს: “მე ვინ მეტყვის ამას”.

“ჩვენ არაფერი ვიცით, თვითონ  კომიტეტი გადაწყვეტს. თუ არ ვცდები, უბრალოდ, გადაიდო და მეტი არაფერი. კენჭისყრა შეიძლება ყოფილიყო და შეიძლება – არა. ეს მათი გადასაწყვეტია. [კანდიდატურების] ჩავარდნას ადგილი არ აქვს. კენჭისყრა შეიძლებოდა ჩატარებულიყო და შეიძლება – არა. მათ გადაწყვიტეს, რომ  სჯობს გადატანილიყო ამ საკითხზე კენჭისყრა”, – ამბობს გოცირიძე ნეტგაზეთთან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. ამავე ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-იც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე კომიტეტის სხდომის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ნეტგაზეთი შეეცადა, ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს. იუსტიციის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას დღის განმავლობაში მინისტრი გააკეთებს, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი კითხვისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართელოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან საპარლამენტო ასამბლეამ ერთი მათგანი უნდა დანიშნოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ასარჩევი კომიტეტის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 29-30 სექტემბერს უნდა გამართულიიყო ინტერვიუები მოსამართლეობის კანდიდატებთან აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან, საქართველოდან და მაკედონიიდან.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

კომიტეტი მომავალ შეხვედრას პარიზში, 2017 წლის 12 იანვარს გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი