ახალი ამბები

2013 წელს აღმოჩენილი იარაღის ფარული სამალავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

29 სექტემბერი, 2016 •
2013 წელს აღმოჩენილი იარაღის ფარული სამალავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  2013 წელს სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის ფარული სამალავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

2013 წელს შს სამინსიტრომ განაცხადა, რომ   სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოაჩინეს იარაღის ფარული სამალავები, სადაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკი, ყოფილი ხელისუფლების დასაჭერ ოპონენტთა სიები და ა.შ. სამინისტროში მაშინაც თქვეს, რომ აღნიშნული სამალავები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო გამიზნული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.

“ნეტგაზეთს” სუს-ში არ დაუკონკრეტეს, თუ რატომ დასჭირდა გამოძიებას ამდენი დრო, ან დააკავეს თუ არა ვინმე ამ საქმეზე.

საქართველოს მაშინდელი  თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნოდა:

“ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და არც სამალავი, ჩვენ ყველა ჩვენი იარაღი, მათ შორის ყველა ტიპის იარაღი, გვაქვს აღრიცხული და ზუსტად ვიცით, სად არის”, –ამბობდა ალასანია.

ამავე პერიოდში  მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებდა, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იარაღის სამალავები შესაძლოა იმ საცავების ნაწილი ყოფილიყო,  რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და  გრიფით საიდუმლოთია დაცული.

დღეს, 29 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქვეყნის სხვადასხვა ტეროტორიაზე  დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით,  იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო.

“ქართული ოცნების” ლიდერებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადეს, რომ “ნაციონალური მოძრრაობა” არჩევნების პერიოდში და შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს. ამას მოჰყვა აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც  2016 წლის 26 სექტმბერს  YOUTUBE-ზე გამოქვეყნდა, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე. აუდიომასალაში მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ესაუბრება ენმ-ის წევრებს – აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს. ჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში აკაკი ბობოხიძე საუბრობს 200 კაცის შემადგენლობით 2-3-თვიანი კარვების აქციის დაგეგმვის შესახებ. ამ საქმეზე სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი