ახალი ამბები

რის გამო შეწყვიტა სასამართლომ ლევან იზორიას ბიძაშვილის მიმართ საქმის წარმოება

27 სექტემბერი, 2016 •
რის გამო შეწყვიტა სასამართლომ ლევან იზორიას ბიძაშვილის მიმართ საქმის წარმოება

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბიძაშვილი დავით იზორია 2014 წლის 2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, ხოლო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით იზორიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო.  დავით იზორიას დაკავებისას ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კადრებში, რომლებიც 25 სექტემბერს გადაცემა “პოსტსკრიპტუმმა” გაავრცელა, ჩანს, რომ დავით იზორია ჩხოროწყუში, “ქართული ოცნების” შტაბში იმყოფება,  იგი ვერბალურ შეურაცხყოფას აყენებს იქ მყოფ პირებს, რამდენიმე პიროვნების მიმართ კი ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავს. კადრებში ასევე ჩანს, რომ დავით იზორია ჯიბიდან იღებს საგანს, თუმცა გაურკვეველია, თუ რა საგანია ეს ნივთი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ 2014 წლის 2 ივნისს დავით იზორია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 100 -ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. მოგვიანებით კი საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გააგზავნეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსაც და მისგან აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოითხვა. სასამართლოს გადაწყვტილების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ დავით იზორიას ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ გამოუწვევია და არც ფინანსური ზიანი ან მძიმე შედეგი არ მოჰყოლია.

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთვის ეყრდნობა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც სასამართლოს მხარეებმა უნდა წარუდგინონ, ამ შემთხვევში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს მტკიცებულებებია -ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, დაზარალებულის ან მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ტესტირების დასკვნის შედეგებით, ვიდეოფირი ან ფოტოფირი და სხვა დოკუმენტები.

დავით იზორიას საქმეზე სასამართლომ შემდეგი მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელა – სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევის ახსნა- განმარტებები, ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღათან დაკავშირებით და ორი პირის გამოკითხვის ოქმი. მტკიცებულებათა ნუსხაში არ ფიგურირებს არც ფოტო და არც ვიდეოფირი.

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ დავით იზორიას მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა:

“საქმეში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ფაქტების სწორად შეფასება გამორიცხავს დ. ი-ს .ქმედების წვრილმან ხულიგნობად კვალიფიკაციის შსაძლებლობას. ამ ინციდენტის შემსწრე პირები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემეთხვევაში სახეზე გვაქვს მოკლეხნიანი ინციდენტი, რამაც, მართალია, გამოიწვია პოლიტიკური შინაარსით დატვირთული კამათი, თუმცა ეს მოქმედება აღიკვეთა წვრილმან ხულიგნობაში გადაზრდამდე”- ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ მხარეებს შესთავაზა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა მხარეებს ამ შეთავაზებით არ უსარგებლიათ, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო საქმე შეწყვიტა და დავით იზორია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მაშინ, როდესაც დავით იზორია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა, მისი ბიძაშვილი ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან იზორია აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს მან მისი ნათესავის დასახმარებლად საკუთარი გავლენა გამოიყენა, უსაფუძვლოა:

“შსს-მ  უზრუნველყო მისი დაკავება, ის წარდგა მართლმსაჯულების წინაშე და, ბუნებრივია, ის სამართლებრივი პროცედურები, რაც გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევბის დროს რეაგირებისთვის, იყო მაქსიმალურად დაცული”,- ამბობს თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან იზორიას ჰკითხეს იმის შესახებაც, თუ რატომ არ იყო ვიდეომტკიცებულება იმ საქმეში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა, რაზეც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა:

“თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავმალე ეს მტკიცებულებები? თუ ჰქონდათ ეს მტკიცებულებები, მაშინაც იყო საჯაროდ გამომზეურებული ეს მტკიცებულებები, დღესაც აქვთ შესაძლებობა, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ან ფიქრობს, რომ ობიექტურად არ წარიმართა სასამართლო პროცესი, მიმართონ, არსებობს შესაბამისი უწყებები”,- ამბობს იზორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი