ნეტგაზეთი | მთავრობამ ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა მთავრობამ ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა – Netgazeti

მთავრობამ ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლედ ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები დაამტკიცა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობის დამტკიცებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის პოსტზე ევროპის საბჭო შეარჩევს

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს ვადა 2017 წელს ეწურება. დღემდე მისი შერჩევის პროცედურა არ არსებობდა და გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა. მიმდინარე წელს პირველად გაიწერა სტრასბურგის ქართველი მოსამართლის არჩევის წესი, აცხადებს სამინისტრო. 

მოსამართლეობის მსურველმა 47-მა კანდიდატმა ჯერ ტესტირებები გაიარა, შემდეგ კი გასაუბრება სპეციალურ კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, საბოლოოდ კი, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრმა მთავრობას ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძის, გიორგი ბადაშვილის, ანა დოლიძისა და ევა გოცირიძის კანდიდატურები წარუდგინა.

მოსამართლეს საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com