ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” რუსთავი2-ს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის რეკლამის მოხსნის გამო

26 სექტემბერი, 2016 • 1630
“პატრიოტთა ალიანსი” რუსთავი2-ს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის რეკლამის მოხსნის გამო

“პატრიოტთა ალიანსი” ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო ბადიდან მოხსნის გამო. ტელევიზიაში კი განმარტავენ, რომ რეკლამის მოხსნის მიზეზი მისი “ანტითურქული ხასიათი”, “ქსენოფობიის პროპაგანდა” და “კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა”.

საარჩევნო სუბიექტი “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სარჩელს დღეს, 26 სექტემბერს, შეიტანს. “პატრიოტთა” განმარტებით, ვიდეორგოლი ქსენოფობიურ ნიშნებს არ შეიცავს და ნიკა გვარამიამ, რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, რეკლამა “უკანონოდ მოხსნა” ეთერიდან.

“ეს [რეკლამის მოხსნა ეთერიდან] არის უკანონო ქმედება, რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ და კომუნიკაციების ეროვნული კომისია. არავითარი უფლება გვარამიას არ ჰქონდა, ერთპიროვნულად მოეხსნა რეკლამა ეთერიდან, რომელიც არის ჩვეულებრივი ტიპის რეკლამა და არავითარ ქსენოფობიურ ნიშნებს არ შეიცავს და არანაირად არ აღვივებს ეთნიკურ შუღლს”, – განაცხადა დღეს, 26 სექტემბერს, “პატიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო რეკლამა ღიად ანტითურქულ ხასიათს ატარებს,  ეთნიკურ შუღლს აღვივებს და ქსენოფობიის პროპაგანდაა. სწორედ ეს გახდა საეთერო ბადიდან მისი მოხსნის მიზეზი:

“აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის კარდინალურ ხაზს ეთნიკური შუღლის გაღვივების და ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს”, – დაწერა რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუკის” პირად გვერდზე. როგორც გვარამია ამბობს, აღნიშნული რეკლამა 2 დღის განმავლობაში 6-ჯერ გადაიცა რუსთავი 2-ის ეთერით, რადგან შინაარსის ლეგალურ კონტროლზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე და არც მას ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური მიედევნებინა არხის ეთერისთვის ამ ორი დღის განმავლობაში.

“სინამდვილეში, მას უნდა მიემართა წერილით მარეგულირებელი კომისიისთვის, დაესაბუთებინა, რატომ შეიცავს რეკლამა ამა თუ იმ ნიშანს და მარეგულირებელი კომისია მოგვცემდა რეკომენდაციას, როგორ გვემოქმედა”, – ამბობს ინაშვილი.

ირმა ინაშვილის ასევე ამბობს, რომ “ალიანსმა” რუსთავი2-ს ახალი რეკლამა მიაწოდა, სადაც პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უნდა გასამართლდეს სააკაშვილი, ადეიშვილი, უნდა აიკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. “განათავსოს ეს რეკლამა ეთერში, ეს ხომ არ აღვივებს ეთნიკურ შუღლს”? – ამბობს ინაშვილი.

ირმა ინაშვილის ცნობით, “პატრიოტთა ალიანსი” ამჟამად ამზადებს საჩივარს ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შესატანად. პარტია სარჩელს დღესვე შეიტანს მარეგულირებელში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი