ახალი ამბები

წნორის რწმუნებულმა ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობა დატოვა

24 სექტემბერი, 2016 • 1499
წნორის რწმუნებულმა ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო თანამდებობა დატოვა

წნორის რწმუნებულმა, თამაზ მათეშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი მასსა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს შორის გუშინ, 23 სექტემბერს  წნორში მომხდარი დაპირისპირებაა.

გელა მთვილიშვილის თქმით, წნორში წუხელ ღამით, ცენტრალურ გზაზე ასფალტის დასხმის პროცესის გადაღებისას მას რწმუნებული დაუპირისპირდა:

“წნორის ცენტრალურ გზაზე გუშინ წვიმაში ბეტონს ასხამდნენ, რადგან დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა ჩავიდეს. დავიწყეთ ამ პროცესის გადაღება, რამაც აგრესია გამოიწვია. რამდენიმე წუთში მამაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ რწმუნებული იყო. ის იყო აგრესიულ. მითხრა, რატომ ვიღებდი, დამიკვეთეს თუ არა ეს ნაციონალებმა, დამარტყა სახეში, უცენზურო სიტყვებით მომმართავდა საჯაროდ, ჩვეულებრივი ქუჩის დანაშაული ჩაიდინა,” – ამბობს გელა მთივლიშვილი.

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, წნორის რწმუნებულმა განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა:

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას.”

გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი