შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიებისგან გაეცნო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას.
“დღეს მე ექვსი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხდი, ვისაუბრეთ არჩევნების საკითხზე. ყველანი ვთანხმდებით, რომ არჩევნები უნდა იყოს ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არჩევნებში საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ამომრჩეველმა და არა რომელიმე თქვენმა სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა. ეს არის არჩევნები, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნის”, – აღნიშნა რიჩარდ დურბინმა.
სენატორმა წინასაარჩევნოდ მედიაგარემოზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა იყოს ისეთი მედიაგარემო, სადაც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება,
“აშშ-ში 500-მდე არხი ფუნქციონირებს და კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს, შეუძლია ყველაზე მეტი საეთერო დრო იყიდოს, იმედი მაქვს, ეს ვითარება არ იქნება საქართველოში. უნდა იყოს ისეთი მედიაგარემო, სადაც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება, რადგან ზემოხსენებული ვითარება არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის. მედია ის გარემოა, სადაც ნებისმიერ კანდიდატს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება”, – განუცხადა ჟურანლისტებს სენატორმა დურბინმა.
ის ასევე შეეხო ნატო–საქართველოს ურთიერთობებსა და ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიას ავღანეთში.
“მინდა გამოვხატო ამერიკელი ხალხის უდიდესი მადლიერება იმ როლისთვის, რასაც ქართველი ჯარისკაცები ასრულებენ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის საქმეში. ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და თავდადებით ასრულებენ მისიას. ვეთანხმები ჩემი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეფასებას, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მისიით, ამტკიცებს იმას, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი”, – განაცხადა სენატორმა.
როგორც სენატორმა აღნიშნა, ის დღეს ეწვია დევნილების დასახლებას და საკუთარი გულისტკივილი გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო გაყოფილია.
“დღეს მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს და ვნახე რუსეთის მიერ წამოწყებული გარკვეული მშენებლობები. ეს დღე ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის, როდესაც ვნახე გაყოფილი საქართველო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დევნილები დიდ გასაჭირში აღმოჩნდნენ. მათ სრული უფლება აქვთ, თავისუფალად, ყოველგვარი ზაწოლის გარეშე იცხოვრონ”, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა.
სენტორი რიჩარდ დურბინის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. მან ვიზიტის განმავლობაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.