“ნებისმიერ საჯარო უწყების წარმომადგენელს, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრული სხვა პირებისა, აქვს სრული უფლება, ღიად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის წარმოება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ,” – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის განცხადებაში.
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის განცხადებაში მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, როგორებიც არიან: პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გამგებლები, გუბერნატორები, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივად დაავალდებულონ მათი ხელქვეითები, მონაწილეობა მიიღონ, ან არ მიიღონ წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიებში.
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საჯარო მოხელეების ან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლების გათავისუფლება მათი ან მათი ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა ეს შეზღუდვა მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ პირებზე ვრცელდება და არ გულისხმობს ისეთ ვითარებებს, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა აქვს მის მიმართ დაქვემდებარებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, გათავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ უწყებრივ პოლიტიკასა და შიდა საკითხებს და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიღმა გამოხატულ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, საქმიანობას 18 მაისიდან შეუდგება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, კომისია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციას უწყობს ხელს და მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგს აწარმოებს. კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან ითანამშრომლებს.
კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე.
უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შეიქმნა და მის საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები შედიან.







