ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ჩემთვის იმედგაცრუება იყო ის, თუ როგორ დაკომპლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო

22 სექტემბერი, 2016 • 1913
ჩუგოშვილი: ჩემთვის იმედგაცრუება იყო ის, თუ როგორ დაკომპლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო

“ქართული ოცნების” პროპორციული სიის ათეულის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, თუ როგორ დაკომპლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ქართულმა ოცნებამ” განხორციელებული სასამართლო რეფორმების გზით უზრუნველყო ერთი რამ: სასამართლო სისტემაში შიდა დემოკრატიის შეტანა იმიტომ, რომ ეს იყო ის, რაც სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობისთვის ყველაზე მეტად აკლდა. სასამართლო სისტემამ მიიღო შიდა გარკვეული გადწყვეტილებები და გარკვეულ თანამდებობებზე დანიშნა ადამიანები, ვინც დანიშნა. შეიძლება საზოგადოება არ არის ამით ბედნიერი, შეიძლება მე არ ვიყო გარკვეული გადაწყვეტილებებით ბედნიერი და არ ვარ, ნამდვილად,”- განაცხადა მან.

ჩუგოშვილის თქმით, კონკრეტულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებებთ “არ იყო ბედნიერი”. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა დღეს საქართველოში არ არის ისეთი, როგორიც სურთ, რომ იყოს და საჭიროა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.

“პირდაპირ გეტყვით, როდესაც პირველად თავისუფალ არჩევნებში და დახურული კენჭისყრით სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ის დაკომპლექტდა თავის დროზე, ჩემთვის ეს იყო ნამდვილად იმედგაცრუება. მაქვს მოლოდინი, რომ მომავალში სასამართლოში წავა ბევრად უფრო ჯანსაღი პროცესები. თუმცა სასამართლო ვითარდება ევოლუციური გზით, სასამართლო ვერ განვითარდება რევოლუციური გზით და, შესაბამისად, დროთა განმავლობაში, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ის ღია პროცესები, რომელიც მიდის, მაგალითად, გამჭვირვალობა, მაგალითად, ის, რომ მედია არის შიგნით და თვალყურს ადევნებს სასამართლო პროცესებს, მაგალითად, ის, რომ ჩვენ ვუყურბთ ამ ყველაფერს და თუ რაიმე ხარვეზია, ვაკრიტიკებთ ამ ყველაფერს, ეს, საერთო ჯამში, რეფორმების გაგრძელების პარალელურად, სისტემაში გაჯანსაღებას შეიტანს და მოგვცემს ბოლომდე სამართლიან სასამართლოს,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი