რატომ უგზავნიან თვითმმართველობები SMS-ებს მოქალაქეებს

საქართველოს ქალაქების მერიები, რომლებმაც დასრულებული სამუშაოების შესახებ მოქალაქეებს სმს შეტყობინებები გაუგზავნეს, არ მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას არღვევენ და ამ ფაქტს არც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

ახალციხის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოქალაქეებს მაგთის სატელეფონო ანძების საშუალებით გაუგზავნეს, ხოლო თავად მათ სატელეფონო ბაზებზე წვდომა არ გააჩნიათ. მერიაში აცხადევენ, რომ ტენდერის საფუძველზე მაგთისთან ხელშეკრულება აქვთ დადებული.

“მარტო მაგთის აბონენტს არ ეგზავნება, ყველას ეგზავნება ახალციხეში მაცხოვრებელს. ბაზები თვითონ მაგთის აქვს, ვინც ჩვენს ანძაზეა. ჩვენ ტელეფონის ნომრები არ გვაქვს”, – აცხადბეენ ახალციხის მერიაში.

ახალციხის მერიაში მიაჩნიათ, რომ ეს არის მიღებული მეთოდი და თუ მოქალაქეს ინფორმაციის მიღება არ სურს, მას შეუძლია გამორთოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების მომსახურება.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ეს წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება.

“ვაგზავნით მხოლოდ დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციას. პროექტები დაიწყო და, შესაბამისად, 4 თვის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებნდენ სამუშაოებს, შემდეგ მოდის ინფორმაცია და ვატყობინებთ ინფორმაციას მოსახლეობას”, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.

“ნეტგაზეთს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, რომ ისინიც მაგთის მომსახურებით სარგებლობენ, თუმცა არ მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის პირად ცხოვრებას ეხებიან.

“სმს-ს მოჰყვება Off, საიდანაც შეგიძლიათ გააუქმოთ სმს და შეგიძლიათ არ მოგივდეთ შეტყობინება. თუ გააუქმებს მოქალაქე, გაუქმებული ექნება და აღარ მიუვა”, – ამბობენ ქუთაისის მერიაში.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს დასრულებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, უარყოფითად გვპასუხობენ. მერიაში ამბობენ, რომ ისინი ვალდებული არიან მოსახლეობა ჩააყენონ საქმის კურსში. თუ როგორ გააკეთებენ ამას, ეს მერიაზეა დამოკიდებული.

“პირველად კი არ ვაგზავნით შეტყობინებებს. ახალ წელს ახალი წელი მივულოცეთ მოსახლეობას, აღდგომას – აღდგომა, 2 მაისობას ქალაქის დღესასწაული გვქონდა, დღესასწაული მივულოცეთ და ასე შემდეგ. ეს არ არის მხოლოდ ქუთაისის მერიაში”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

sms ბათუმის მერიისგან

გუშინ თბილისის მერიამაც გაავრცელა მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მათი შეტყობინება მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა, რომლის დროსაც მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი კოსტავას 72-ში გადავიდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ისინიც სარგებლობენ მაგთის ხელშეკრულებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოკლე ტექტური შეტყობინების გაგზავნა, მაგრამ ტელეფონის ნომრებზე წვდომა არ აქვთ. თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით მანამდე არ გაუგზავნიათ.

“ნეტგაზეთი” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს. რომ ინსპექტორმა უკვე დაიწყო მუნიციპალიტეტების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების საკითხის შესწავლა.

მართალია, შეტყობინებებს თან ახლავს SMS off-ის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას ინფორმაციის მიღებაზე, თუმცა მივიჩნევთ, რომ ლეგიტიმურია შეკითხვები, რომლებიც მოქალაქეებს მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების თაობაზე უჩნდებათ, მიიჩნევს ინსპექტორი.

ინსპექტორის აპარატიდან გვიპასუხეს, რომ ისინი გეგმავენ გამოითხოვონ ინფორმაცია შეტყობინების გამომგზავნი ორგანიზაციებიდან იმის დასადგენად, რა გზებით მოიპოვეს მათ მოქალაქეთა საკონტაქტო მონაცემები და ხომ არ ჰქონია ადგილი სხვა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას.

გუშინ, 21 სექტემბერს ქუთაისისა და ბათუმის მერიებმა მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და ქუჩებისა და ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ამგვარი შეტყობინებებები მიიღეს ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის, წყალტუბოს, ხაშურის, მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის, ფოთის, სენაკის და ახალციხის მცხოვრებლებმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com