ახალი ამბები

შიმშილობის მეოთხე დღე – სტუ-ის რამდენიმე თანამშრომელი რექტორის გადადგომას ითხოვს

22 სექტემბერი, 2016 • 1673
შიმშილობის მეოთხე დღე – სტუ-ის რამდენიმე თანამშრომელი რექტორის გადადგომას ითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილმა უნივერსიტეტის რექტორის, კანცლერის და აკადემიური საბჭოს 5 წევრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა განაახლა. მოშიმშილეთა თქმით, აღნიშნული თანამდებობის პირები ზედიზედ მესამე ვადით იქნენ არჩეულნი, რაც კანონის დარღვევაა.

” არჩილ ფრანგიშვილი არჩეული იყო 2008 წლის პირველ ოქტომბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 2009 წლის თებერვალში- რექტორად, 2012 წლის თებერვალში- კიდევ რექტორად და 2016 წლის იანვარში- კიდევ რექტორად,” – ამბობს სტუ-ის ყოფილი თანამშრომელი ფიდან კობიაშვილი, რომელიც შიმშილობს.

ამ დროისთვის შიმშილობის აქციას ორი ადამიანი აგრძელებს, უნივერსიტეტის ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი თანამშრომელი. პროფესორებთან ერთად შიმშილობდა რამდენიმე სტუდენტიც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მოშიმშილე ლექტორების თხოვნით ახალგაზრდებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს.

აქციის მონაწილეებმა 2016 წლის თებერვალში სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე საქმის განხილვა არ დაწყებულა. აქციის მონაწილეთა აზრს არ იზიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

ამავე მოთხოვნით სტუ-ის პროფესორები მარტშიც შიმშილობდნენ. პროფესორებმა საკითხის განხილვის თხოვნით განათლების სამინისტროსაც მიმართეს. მაშინდელი მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, მოკვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტს ასეთი არჩევნების ჩატარების უფლება ჰქონდა და საქმე კანონის ინტერპრეტაციას ეხება: “როგორ შეიძლება კანონის  ინტერპრეტაცია, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს ამა თუ იმ ქმედებაზე. კანონის ინტერპრეტაციის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს”, – განაცხადა სანიკიძემ.

მარტში ლექტორების ნაწილის პროტესტს არასამთვრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” გამოეხმურა. ორგანიზაციის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ სამი ვადით არჩევა არღვევს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და  ამ თანამდებობაზე მისი საქმიანობა არალეგიტიმურია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი