ახალი ამბები

სანიკიძე: ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩევნების საკითხის შესწავლისას დარღვევა არ აღმოჩენილა

14 აპრილი, 2016 • 2021
სანიკიძე: ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩევნების საკითხის შესწავლისას დარღვევა არ აღმოჩენილა

განათლების მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორების შიმშილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრომ მოკვლევა ჩაატარა და რექტორის არჩევნებში კანონის დარღვევის ფაქტი ვერ აღმოაჩინა.

მინისტრ თამარ სანიკიძის განმარტებით, შიმშილობის ერთ-ერთი მონაწილე იყო რექტორობის კანდიდატი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა არჩევნებში, რის შემდეგაც დაიწყო არჩევნების შედეგის გაპროტესტება. მინისტრის თქმით, მონაწილემ ასევე მიმართა განათლების სამინისტროს.

“ამ საკითხით მომჩივანი მხარე იყო შემოსული განათლების სამინისტროში, რის შედეგადაც ჩვენ ჩავატარეთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება და არსებული კანომდებლობიდან გამომდინარე და იმ ეტაპიდან გამომდინარე, როდესაც ეს კანონმდებლობა განიცდიდა ცვლილებას, იმასთან ერთად, რომ უნივერსიტეტის იურიდიული ფორმაც რამდენჯერმე შეიცვალა და წესდებით იყო გამყარებული გარკვეული პუნქტები, მოკვლევამ აჩვენა, რომ ასეთი არჩევნების ჩატარების უფლება უნივერსიტეტს ჰქონდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნები წესით უნდა მოხსნილიყო, მაგრამ კითხვის ნიშნები დარჩა. საქმე ეხება უკვე კანონის ინტერპრეტაციას. როგორ შეიძლება კანონის  ინტერპრეტაცია, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს ამა თუ იმ ქმედებაზე. კანონის ინტერპრეტაციის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, ამ ჯგუფმა სასამართლოს უკვე მიმართა და მან  უნდა გაარკვიოს, ჩატარდა თუ არა არჩევნები ტექნიკურ უნივერსიტეტში კანონის დარღვევით. რასაც გადაწყვეტს სასამართლო, შესაბამისად იმოქმედებს განათლების სამინისტრო, განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორმა ამავე უნივერსიტეტის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ სამჯერ არჩევის გამო  აქცია და შიმშილობა დაიწყო. ლექტორთა ნაწილი აპროტესტებს სტუ-ის აკადემიური საბჭოს 5 წევრისა და უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი