ახალი ამბები

დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ექსპერტიზას ჩაუტარებს

20 სექტემბერი, 2016 • 3035
დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ექსპერტიზას ჩაუტარებს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ დღეს პროკურატურის მიერ 26 მაისის მოვლენების საქმეზე გავრცელებულ ვიდეომასალაზე ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

“იმ ვიდეოებზე, რაც გავიდა, ექსპერტიზას ჩავატარებ. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არის მონტაჟი. ძალიან მალე საზოგადოებას ვაცნობებთ ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს”, – აცხადებს საჯაია.

საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

პროკურატურის განცხადებით, „26 მაისის საქმეზე“ გამოვლენდა ახალი გარემოება. პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომლებიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. პროკურატურის განცხადებით, კადრებში ასახულია, თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას 2011 წლის 26 მაისს დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი