ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ერთადერთი ბრძანება მან 26 მაისს დემონსტრანტების გაყვანაზე გასცა

2 დეკემბერი, 2021 • 2152
სააკაშვილის თქმით, ერთადერთი ბრძანება მან 26 მაისს დემონსტრანტების გაყვანაზე გასცა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთადერთი ბრძანება, რომელიც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს გასცა, ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ეხებოდა.

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის (ე.წ. პიჯაკების საქმე) განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად სააკაშვილიც, რომელსაც მოსამართლემ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისა და სიტყვის გამოსვლის უფლება მისცა.

თავის მიმართვაში, სააკაშვილმა განიხილა 26 მაისის აქციაც. მანამდე კი პროკურორებმა ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ დახარჯა სააკაშვილმა სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცეურაში ფული ზუსტად 26 მაისის აქციის დარბევის მერე.

„მე მინდა, ხალხმა იცოდეს, 26 მაისზე რა იყო… რადგან წამოჭრეს ეს საკითხი. 26 მაისს, აგერ არის თემურ ჯანაშია [დაცვის სამსახურის მაშინდელი უფროსი] და ნამდვილად დაადასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე თაბუკაშვილზე. ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო იმიტომ, რომ აქციის მონაწილეთა მანქანამ მართლა გადაუარა.

პოლიციამ მართლა დაკარგა თავზე კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა და ერთადერთი, რაც იყო ძალიან ჩაკეტილი – იყო ორივე მხრიდან ჩაკეტილი ეს მოედანი [თავისუფლების] და თემურმა დამირეკა, ძალიან ცუდი სიტუაცია არისო იმიტომ, რომ პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილებიან და რა ვქნათო. და რა შეიძლება ვქნათ… გავუხსნათ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, რომ იქ განვარიდოთ და იმ პარკის მეშვეობით გავიყვანოთ ყველა აქედანო. მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანე, გაარიდე, ყველა მიმართულებით გაიქცეს.

რისი გაკეთებაც შეგიძლია, რაც არის შენს ხელში – ყველაფერი გააკეთე. ხომ ასე იყო? აი, ეს არის ის ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი“, — აცხადებს სააკაშვილი.

2011 წლის 26 მაისს თბილისში ოპოზიციის საპროტესტო მიტინგის დაშალეს, რის შედეგადაც (ოფიციალური ინფორმაციით) ათეულობით ადამიანი დაშავდა. რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად იყო მსხვერპლიც, მათ შორის, ერთი პოლიციელი. დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

იმავე ღამეს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღეს ჟურნალისტებმაც, მათ შორის, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა, სპეცრაზმელებმა სხვადასხვა ჟურნალისტს სამუშაო აპარატურა წაართვეს ან დაუზიანეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი